მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენია საშუალო ხელფასი საქართველოში და ევროკავშირში?

სამუშაო ძალა

გლობალური ეკონომიკის კაპიტალისტური მოწყობიდან გამომდინარე, ადამიანების შრომის ანაზღაურების მთავარ საზომად ჯერაც ხელფასი ითვლება, რომელსაც ადამიანები მათი სამუშაო დროისა და პროდუქტიულობის სანაცვლოდ იღებენ. კაპიტალისტური წყობა, ცხადია, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის კონტრაქტზე დაფუძნებულ თავისუფალ ურთიერთობას გულისხმობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრ ქვეყანაში კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი არსებობს, რომლის მოცულობა, როგორც წესი, დამოკიდებულია, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ზომაზე, ასევე განვითარების დონეზე და ხელისუფლების ეკონომიკურ შეხედულებაზე.

ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი ლუქსემბურგში ფიქსირდება, სადაც ის თვეში 2,571 ევროს შეადგენს. ასეთი კანონი საქართველოშიც მოქმედებს, საუბარია 1999 წლის N351 ბრძანებაზე, რომლის თანახმად კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი 20 ლარითაა განსაზღვრული.

თუმცა ახლა არა მინიმალურ, არამედ საშუალო ხელფასზე ვწერთ, რომელიც, მართალია, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის საუკეთესო საზომი არ არის, მაგრამ ქვეყანაში არსებულ ვითარებას შედარებით კარგად ასახავს. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ქვეყნები საშუალო ხელფასს განსხვავებულად ითვლიან, ამ პარამეტრის ერთი კონკრეტული მოდელით დათვლა შეუძლებელია, მაგრამ მიღებული შედეგების ერთმანეთთან შედარება, ცხადია, დასაშვებია.

მაშ, რომელ ევროპულ ქვეყანაში არის ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი? ამ კითხვაზე სანამ გიპასუხებთ, გეტყვით, რომ უფრო მაღალი ხელფასი, როგორც წესი, დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში ფიქსირდება, ვიდრე სამხრეთში და აღმოსავლეთში, რაც გასაგებიცაა, რადგან ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ქვეყნები ეკონომიკურად უფრო განვითარებულები და სოციალურად უფრო მდგრადები არიან. საპირწონედ ამისა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ადამიანები, როგორც წესი, სამსახურს ნაკლებ დროს უთმობენ, ხოლო ცხოვრების ხარჯები ასევე უფრო ნაკლებია.

ევროპაში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი, კერძოდ საათში 47 ევრო, იმ ქვეყანაში ფიქსირდება, სადაც, ამავდროულად, ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი არის დაწესებული. ეს ქვეყანა ლუქსემბურგია, რომელიც, პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით - ეს მაჩვენებელი 140,000 დოლარს შეადგენს. ლუქსემბურგის მასშტაბით, საშუალო ხელფასი საათში 47 ევროს შეადგენს, რაც თვეში 9,024 ევროს ტოლფასია.

ამ რეიტინგის სათავეში, ლუქსემბურგის შემდეგ, როგორც გითხარით, ჩრდილოეთ ევროპის წარმომადგენლებს ვხვდებით. მეორიდან მეხუთეს ჩათვლით ადგილები დანიამ, ნორვეგიამ, ისლანდიამ და ბელგიამ გადაინაწილეს, სადაც საშუალო თვიური ანაზღაურება 6,970 ევროდან 8,064 ევრომდე მერყეობს, რაც გასაგებიცაა, რადგან თითოეული ეს სახელმწიფო ეკონომიკურად ძალიან განვითარებულია, ხოლო ცხოვრების დონე, რომელიც იქ ფიქსირდება - ერთ-ერთი ყველაზე მაღალია პლანეტაზე.

ჩრდილოეთ ევროპის განვითარებული სახელმწიფოების საპირწონედ, ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი აღმოსავლეთ ევროპაში ფიქსირდება. თავად ამ ფაქტს განაპირობებს, როგორც ცხოვრების დონე, ასევე ამ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკების ზომა და სტრუქტურა. აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი, როგორც წესი, ევროკავშირის განვითარებულ დასავლურ სახელმწიფოებში ცხოვრობს, რაც, ცხადია, ქვეყნის შიგნით გაცემული ხელფასის მოცულობას მკვეთრად ამცირებს.

ამ დროისთვის, ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი ბულგარეთში ფიქსირდება, სადაც ის 1,555 ევროს შეადგენს. თუმცა არც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა რუმინეთში, ლატვიაში, უნგრეთსა და პოლონეთში, სადაც საშუალო თვიური ხელფასი 1,996 ევროდან 2,285 ევრომდე მერყეობს.

საინტერესოა, რომ ევროკავშირის მასშტაბით, საშუალო თვიური ხელფასი 4,800 ევროს შეადგენს, ანუ გამოდის, რომ ქვეყნების უმეტესობაში უფრო დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ვიდრე საშუალოდ გაერთიანებაში. ევროკავშირის საშუალო ხელფასთან ყველაზე ახლო საშუალო თვიური ხელფასი შვედეთში ფიქსირდება, სადაც ის 5,050 ევროს შეადგენს.

მაშ, რა მდგომარეობაა საქართველოში და როგორ ედრება ჩვენი სახელფასო პოლიტიკა ევროკავშირში არსებულ მდგომარეობას? საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1,855 ლარს შეადგენს. ამგვარად, საქართველოში უფრო დაბალი საშუალო ხელფასი ფიქსირდება, ვიდრე ევროკავშირში, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე, ეს გასაგებიცაა. თუმცა მნიშვნელოვანია ტრაექტორია, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ფიქსირდება. 2018 წლის შემდეგ, მაგალითად, საშუალო თვიური ხელფასის მოცულობა 787 ლარით, ანუ 73%-ითაა მომატებული, რაც წლიურად თითქმის 15%-იან ზრდას წარმოადგენს. ამასთან, ქვეყანაში მცირდება უმუშევრობის დონე. მართალია, ის დღესაც საკმაოდ მაღალ, 16.4%-იან მაჩვენებელზე ნარჩუნდება, მაგრამ ბოლო წლებში, კლების მკვეთრი დინამიკა ფიქსირდება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების კვალდაკვალ, ზემოაღნიშნული პარამეტრების გაუმჯობესება არის ნავარაუდევი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები