ბელგიაში მინიმალური ხელფასი იზრდება. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ხვალიდან, 1 აპრილიდან ამ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი თვეში €2,029.88-ით განისაზღვრება, რაც €35,70-იან ზრდას ნიშნავს. როგორც პროფესიული კავშირები აცხადებენ, ზრდა 80 000 დაბალშემოსავლიან მოქალაქეს შეეხება.
შედეგად ბელგია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხუთეულში შედის, სადაც Eurostat-ის ინფორმაციით, მინიმალური ხელფასი 2000 ევროს გადასცდება.
ცნობისთვის, მორიგი ზრდა ბელგიაში 2026 წელსაა დაანონსებული. გასული ოთხი წლის განმავლობაში კი ბელგიაში სრულ განაკვეთზე დასაქმებულთათვის მინიმალური ხელფასი ჯამში 400 ევროთი გაიზარდა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი €1,593.81 იყო, ხოლო 2023 წლის დეკემბერში - €1,994.18.
აღსანიშნია, რომ ბელგია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შრომითი ხარჯების კუთხით მესამე ადგილზეა, ვინაიდან Eurostat-ის მონაცემებით, საათობრივი ანაზღაურება ამ ქვეყანაში 2023 წელს €47.10 იყო. მთლიანად ევროკავშირში საშუალო საათობრივი ანაზღაურება კი €31.80. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ კუთხით ბულგარეთშია, სადაც დასაქმებულს საათში საშუალოდ 9.3 ევროს უხდიან. რუმინეთში - 11 ევროს, უნგრეთში - 12.8 ევროს. ყველაზე მეტს კი ლუქსემბურგში იხდიან - საათში 53.9 ევროს, შემდეგ მოდის დანია - 48.1 ევროთი.