მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში თბილისის ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 27 მლნ შევიდა - როგორ სრულდება გეგმა?

5fb91be2ece69
თელარა გელანტია
22.11.20 09:50
1137
2020 წლის 9 თვეში, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში პრივატზაციის შედეგად 27,2 მლნ ლარია მობილიზებული. ირკვევა, რომ საანგარიში პერიოდში დედაქალაქის მთავრობამ ყველაზე მეტი შემოსავლის მიღება მიწის გაყიდვიდან შეძლო. კერძოდ, თბილისის მერიის ინფორმაციით, ძირითადი აქტივების გაყიდვიდან მიღებულია 3 მლნ ლარი, მატერიალური მარაგების გაყიდვიდან - 239.4 ათასი ლარი, ხოლო არაწარმოებული აქტივების (მიწა) გაყიდვიდან - 23,965.4 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ 9 თვეში პრივატიზაციიდან 27 მლნ ლარის მობილიზება, წლიური გეგმის 56.8%-ით შესრულებას ნიშნავს, რადგან 2020 წლის თბილისის ბიუჯეტის თანახმად, პრივატიზაციიდან 48 მლნ ლარის შემოსავლის მიღება იყო დაგეგმილი.

რამდენად მოახეხებს, კალაძის გუნდი წლიური გეგმის შესრულებას, დეკემბრის ბოლოს გამოჩნდება. ნოემბრის დასაწყისში თბილისის მერმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე საქალაქო სამსახურებს, განსაკუთრებით კი ქონების მართვის სამსახურს სთხოვა, მოიძიოს ყველა შესაძლებლობა, რათა საპრივატიზაციო გეგმა შესრულდეს და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში არსებული დანაკლისი დაბალანსდეს.

„ეს ყველაფერი აისახება ქალაქზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, იმ პროგრამებზე, რაც გვაქვს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ამიტომ მაქსიმალური მუშაობა გვმართებს, რათა შემოსავლები როგორმე გავზარდოთ, იმისთვის, რომ დავეხმაროთ ქალაქს და იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება მუნიციპალიტეტის და ხელისუფლების თანადგომა“, - მიმართა გუნდს კახა კალაძემ.

რამდენიმე თვით ადრე, მიმდინარე წლის მაისში კი მსგავსი დავალება მერმა თავის მოადგილეს მისცა. „მინდა, დავავალო თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, რომ მოიძიოს დამატებითი საპრივატიზაციო აქტივები, არამხოლოდ უძრავი ქონება და მატერიალური აქტივი, არამედ ნებისმიერი ტიპის საპრივატიზაციო აქტივი, რომლის პრივატიზაციაც შეიძლება და ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტს შემოსავალს მოუტანს და მეორე მხრივ, გაზრდის კერძო სექტორში ეკონომიკურ აქტივობას", - თქვა მაშინ კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები