მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადამიანური კაპიტალის $500-მილიონიანი პროგრამა დაიწყო - რას გულისხმობს მსოფლიო ბანკის პროექტი?

6357e829878f9
მარიამ ვარადაშვილი
25.10.22 18:10
1208

დღეს მსოფლიო ბანკმა ოფიციალურად დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით. პროგრამის დაფინანსება ჯამში დაახლოებით 500 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 400 მლნ დოლარი მსოფლიო ბანკმა, 100 მლნ ევრო კი საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) გამოყო. აღნიშნული კრედიტი იქნება გამორჩეულია იმით, რომ ეს არის ბიუჯეტის მხარდაჭერის სესხი, რაც ნიშნავს, რომ უწყებები გააგრძელებენ მუშაობას რეფორმის გეგმის შესაბამისად და შესრულებული სამუშაოს შემდეგ მოხდება ამ თანხის ანაზღაურება ქვეყნისთვის.

"ეს არის მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს შესრულებული სამუშაოსთვის თანხის ანაზღაურებას“, - განმარტა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება თავად პროგრამას, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს სჯერა, რომ საქართველოს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაში ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის.

"განათლებაში, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაში ტრანსფორმაციული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობით, ადამიანური კაპიტალის პროგრამა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს გრძელვადიანი განვითარების დაჩქარებასა და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზის განმტკიცებაში,“ - აღნიშნა მოლინეუსმა.

ამასთან, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ადამიანური კაპიტალის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სამართლიანი და თანასწორი წვდომით მაღალი ხარისხის განათლებასთან, უკეთ ფოკუსირებულ სოციალურ დახმარებასთან და ძლიერ პრევენციულ ჯანდაცვასთან, მკურნალობისა და მედიკამენტების შემცირებული ხარჯებით.

 

„მსოფლიო ბანკს დიდი გამოცდილება და პოტენციალი აქვს ადამიანური კაპიტალის განვითარების სფეროში. თანაბრად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) თავისი წვლილის შეტანა სურს რეფორმის ამ ეტაპის წარმატებით განხორციელებაში. გვჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ განვითარებასა და პროდუქტიულობის ზრდას,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მსოფლიო ბანკის ცნობითვე, ადამიანური კაპიტალის პროგრამა გააძლიერებს საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების უნარებს და კომპეტენციას, რათა მათ უკეთ დაძლიონ თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული კომპლექსური პრობლემები. სწავლის საერთო შედეგების გასაუმჯობესებლად, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნას როგორც ადრეული განათლების, ისე ზოგადი და საუნივერსიტეტო განათლების და მომდევნო ეტაპებზე, უზრუნველყოფს რა თანასწორ შესაძლებლობებს ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ფენებისთვის. 

პროგრამა ასევე გააფართოებს ჯანდაცვის გაუმჯობესებულ სერვისებთან წვდომას ტელემედიცინის კონსულტაციების ხელშეწყობით და ფარმაცევტული მართვის გაძლიერებით მედიკამენტების ფასების შესამცირებლად, რაც საქართველოს მოსახლეობის მიერ გადახდილ ხარჯებში მნიშვნელოვან წილს შეადგენს. 

სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის ასამაღლებლად კი ადამიანური კაპიტალის პროგრამა ხელს შეუწყობს ბავშვიანი ღარიბი ოჯახების სწრაფ იდენტიფიცირებას და მათ საჭიროებებზე რეაგირებას დასაქმების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებით ქვეყნის მასშტაბით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის მიმართულებით $245 მლნ დაიხარჯება. "აქცენტი კეთდება პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე, რაც ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის დონეზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას, ტელემედიცინის სისტემის განვითარებას, ასევე ოჯახის ექიმებისთვის გზამკვლევების შემუშავებას და დანერგვას, რაც საჭიროა ხარისხიანი სერვისების მიწოდებისთვის",-განაცხადა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები