მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 2019 წლის აგვისტოს მონაცემებს 32%-ით აღემატება - თურნავა

614889f1bfde8
ინგა მურუსიძე
20.09.21 20:45
434
„საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია გრძელდება, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდითაა გამოწვეული. დღეს გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლის თანახმადაც 2021 წლის აგვისტოში ჩვენი ადგილობრივი წარმოების ექსპორტი გაზრდილია, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით 17,7%-ით, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით - 32%-ით,“ - განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

გარდა ამისა, ექსპორტის ზრდა 2021 წლის იანვარ-აგვისტოშიც, ძირითადად, ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 28.7%-ით გაიზარდა და 1,899.0 მლნ. აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 72.7%-ს გაუტოლდა.

„საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ტენდენციები საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებაში აისახა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ადგილობრივი ექსპორტის პოზიტიური ზრდის დინამიკა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის პარამეტრებსაც. გაზრდილი ექსპორტი კი ნიშნავს მეტ სავალუტო შემოსავალს, გაზრდის პროდუქტიულობას და სხვა“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, საექსპორტო საქონლის მიწოდება გაიზარდა ჩვენს სამეზობლოში, ასევე აშშ-სა და ჩინეთში. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ საექსპორტო პროდუქციას შორის, ზრდის ტემპის მიხედვით, ლიდერობს ფეროშენადნობები, ტექსტილი და სოფლის მეურნეობის ისეთი პროდუქცია, როგორიცაა ღვინო, თხილი, მინერალური წყლები.

კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ყველაზე მეტად გაიზარდა ფეროშენადნობის (გაიზარდა 83.2%-ით), მინერალური და მტკნარი წყლების (გაიზარდა 32.6%-ით), ყურძნის ნატურალური ღვინოების (გაიზარდა 18.3%-ით) გაზირებული წყლების (გაიზარდა 87.7%-ით), ტრიკოტაჟის ნაწარმის (გაიზარდა 63.8%-ით), თხილისა და კაკლის (53.3%-ით და 44.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), სპირტიანი სასმელებისა (17.3%-ით), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (1.3%-ით), და აზოტოვანი სასუქების (გაიზარდა 5.8%-ით) ექსპორტი.