გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში (16-22 ოქტომბერი)
1) რეგულაცია 300,000 ლარის სესხებთან დაკავშირებით
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების გაცემის წესი შეცვალა. თუკი აქამდე 200,000 ლარამდე სავალუტო კრედიტების აღება არც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ შეეძლოთ, ახალი წესი ასეთი იქნება:
- ის პირები, რომლებიც შემოსავალს ლარში იღებენ, ვეღარ აიღებენ 300 ათასი ლარის ეკვივალენტის სავალუტო სესხებს, რადგანაც სავალუტო კრედიტის მინიმალური ზღვარი მათთვის 300,000 ლარით განისაზღვრა;
- ის პირები, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ, შეძლებენ აიღონ კრედიტი იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი აქვთ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ეს ცვლილება ერთი მხრივ დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებას, მეორე მხრივ კი კრედიტების ჰეჯირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
“ჩვენთვის ამ შემთხვევაში მთავარია ჰეჯირება, ჰეჯირება ნიშნავს დაცვას სავალუტო რისკებისგან, ეს დაცვა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს იმ ვალუტაში უნდა ჰქონდეს სესხი და იმ ვალუტაში უნდა უწევდეს სესხის მომსახურება, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი და არ უწევდეს ყოველთვიურად კონვერტაცია თავისი ხელფასის სხვა ვალუტაში რათა შეიტანოს ბანკში. ეს არის ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას, რაც რამდენიმე წელია სებ-ის თაოსნობით ხორციელდება და უფრო სრულყოფილს ხდის მას.
ლოგიკა ისაა, რომ ჰეჯირება ნიშნავს ან ლარში ან რომელიმე სხვა ვალუტაში დავაძალოთ აღება. აქ არის მთავარი, რომ ადამიანი იყოს დაცული. რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი იმ ვალუტაში მოემსახუროს სესხს,”- განაცხადა ნათია თურნავამ.
2) სექტემბერში რუსეთში ექსპორტზე მხოლოდ 26 მანქანა გავიდა
სექტემბრის განმავლობაში რუსეთში საქართველოდან მხოლოდ 26 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, მათი მთლიანი ღირებულება კი 300 ათასი დოლარი იყო.
მიმდინარე წლის 26 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ევროკავშირის სანქცია რუსეთში ევროპული ავტომობილების ექსპორტის აკრძალვის თაობაზე, რომელსაც საქართველოც მიუერთდა. 2023 წლის 1 აგვისტოდან კი საქართველომ ასახა აშშ-ის სანქცია ამერიკული ავტომობილების რუსეთში ექსპორტის აკრძალვის თაობაზე.
რუსეთში საქართველოდან ავტომობილების პირდაპირი ექსპორტი ბოლო 3 თვეში თითქმის განულდა. თუკი ივლისში ეს იყო 1,054 ავტომობილი ($13.3 მლნ დოლარი) სექტემბერში ის 85 ავტომობილამდე 0.8 მილიონამდე შემცირდა, სექტემბერში კი მხოლოდ 26 შეადგინა ($0.3) მლნ.
სანაცვლოდ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ექსპორტი ერთ-ერთ უღარიბეს ცენტრალურ აზიურ ქვეყანა ყირგიზეთში, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთისთვის ერთ-ერთ საკვანძო სავაჭრო რგოლად ჩამოყალიბდა. სექტემბერში ყირგიზეთში საქართველოდან 2,139 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე, მათი მთლიანი ღირებულება კი 71.4 მილიონი დოლარი იყო (ერთი მანქანის საშუალო ფასი $33 ათასი დოლარი). მაღალი ალბათობით შუალედური მყიდველების გავლით, ყირგიზეთიდან ავტომობილები რუსეთის ფედერაციის ბაზარზე ხვდება. სექტემბერში ყირგიზეთში საქართველოდან ავტოექსპორტმა 15 მილიონი დოლარით იმატა. წლიურ ჭრილში კი ზრდა 850%-ია.
3) არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ვადიანობა 3-დან 4 წლამდე გაიზარდა
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 3 წლიდან 4 წლამდე გაზარდა.
"საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადიანობას 4 წლამდე ზრდის. იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში.
ეროვნულმა ბანკმა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლიდან 3 წლამდე 2022 წლის აგვისტოში შეამცირა.
4) ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი შემცირებულია
საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში შემცირებულია - 2023 წლის 9 თვეში საქართველოდან EU-ში საქონლის ექსპორტმა მხოლოდ 565 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45 მილიონი დოლარით, ანუ 7.5%-ით ნაკლებია.
მეტიც, საქართველოს 10 მთავარ საექსპორტო ქვეყანას შორის ევროკავშირის მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო ბულგარეთია ($212 მილიონი) და მასთანაც ექსპორტის 28%-იანი კლება ფიქსირდება.
2023 წლის 9 თვეში ევროკავშირის წილმა მთლიან ექსპორტში მხოლოდ 12.3% შეადგინა, შედარებისთვის გასულ წელს ეს 15%; 2021 წელს კი 17% იყო. 2013-2020 წლებში კი ევროკავშირზე საქართველოს ექსპორტის 20%-ზე მეტი მოდიოდა. შესაბამისად, წელს EU-ს წილი მთლიან ექსპორტში ათწლიან მინიმუმამდე დაეცა.
საქართველო EU-ში ძირითადად ნახევარფაბრიკატებსა და ნედლეულს აგზავნის, რომლისგანაც შემდგომ თავად EU-ს ქვეყნები უფრო მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქტებს ქმნიან. როგორც ექსპორტის სტატისტიკა აჩვენებს ორ მთავარ ნედლეულში, რომლითაც საქართველო ევროკავშირთან ვაჭრობს შემცირება ფიქსირდება. ესენია სპილენძის მადნები და თხილი.
5) ახალი საარბიტრაჟო დავა საქართველოს წინააღმდეგ
საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო დავა დაიწყო. მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შევიდა მირიან დეკანოიძისა და კომპანია T.G. Trade-ის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ.
ICSID-ის ვებგვერდზე მითითებულია, რომ საქმე კომპანიის წილების გადაცემას უკავშირდება, თუმცა დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილი არაა.
ვებგვერდის თანახმად, მოსარჩელის უფლებებს საერთაშორისო იურიდიული კომპანია DLA Piper-ის ფრანგული ოფისი იცავს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი იურიდიული კომპანია კი მითითებული არაა. დავა სავარაუდოდ ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის გასხვისებას უკავშირდება.
6) საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი იზრდება
ელექტროენერგიის ექსპორტი სექტემბერშიც გაგრძელდა და თურქეთში 132 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია გავიდა. ჯამში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ ექსპორტზე რეკორდული მოცულობის 1 468.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა. აქედან 1 303,38 მლნ კვტ.სთ, ანუ ექსპორტირებული ელექტროენერგიის თითქმის 89% თურქეთზე მოდის.
რაც შეეხება შემოსავლებს, 9 თვეში ელექტროენერგიის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალიც რეკორდულია და 103 მლნ დოლარს აღემატება. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 84 მლნ დოლარი იყო. უშუალოდ სექტემბერში თურქეთში 9 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიაა ექსპორტირებული.
7) ფეროშენადნობების სექტორში კრიზისი გრძელდება, ექსპორტი 9 თვეში 68%-ით დაეცა
ფეროშენადნობები წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო საქონელი იყო და უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში დღესაც შედის. თუმცა 2023 წლიდან სექტორი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რომლის შედეგადაც უმსხვილესმა ქარხნებმა საწარმოო სიმძლავრეები მინიმუმამდე შეამცირეს.
2023 წლის 9 თვეში საქართველოდან გავიდა 115.8 მილიონი დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 291 მილიონი დოლარით, ანუ 68%-ით ნაკლებია. ასეთი მკვეთრი ვარდნა ამ საქონლის ექსპორტში სხვა წლების განმავლობაში არ აღნიშნულა. ამ დარგში არსებული კლების გამო, წელს საქართველოს მძიმე მრეწველობის სექტორის ბრუნვის მოცულობა შემცირებულია.
ფეროშენადნობები მეტალურგიული წარმოების ნედლეულს წარმოადგენს. შესაბამისად, მისი ღირებულება უშუალოდ დაკავშირებულია ფოლადის გლობალურ წარმოებაზე. ამჟამად არსებული კლების გამო, შემცირებულია ამ საქონლის ღირებულება, რის გამოც ქართველი ექსპორტიორების შემოსავლები მათი ხარჯების დაფარვას ვეღარ უზრუნველყოფს.
8) საქართველოს საგარეო ვალის განაკვეთი გაიზარდა
საქართველოსთვის საგარეო ვალის მომსახურება გაუძვირდა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაშია საუბარი. 2024 წელს ამ მიმართულებით სულ 4.8 მილიარდი ლარის გადახდა არის დაგეგმილი, რაც წინა წელთან შედარებით 819 მილიონი ლარით მეტია. აქედან უშუალოდ საგარეო ვალებზე 2.1 მილიარდი ლარის გადახდაა დაგეგმილი, საიდანაც 1.37 მილიარდი სესხის ძირი, 750 მილიონი კი პროცენტი იქნება (ზრდა 42%).
ვალის მომსახურების გაძვირება გლობალურ კაპიტალის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების მატებას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვალების საპროცენტო განაკვეთები ორ კატეგორიად იყოფა.
საქართველოს საგარეო ვალების 51%-ს წინასწარვე აქვს საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირებული, ხოლო 49% ცვლად განაკვეთიანია და ის ევროპის საბაზრო განაკვეთებზე, LIBOR-სა, EURIBOR-ზე არის მიბმული. მაშინ, როდესაც ეს საბაზრო განაკვეთები იზრდება, ვალის მომსახურების საფასურიც ძვირდება.
თუკი 2020-2021 წლებში ცვლადი ეს განაკვეთი ფაქტობრივად 0%-ის ტოლი იყო, ამჟამად ის საშუალოდ 3.2%-ს შეადგენს.
9) საქართველოდან EU-ში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა
ანგარიშში წერია, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნათა რიცხვი 81%-ით გაიზარდა. ჯამში თავშესაფრის მოთხოვნაზე გასულ წელს 26 450 განაცხადი შევიდა. შესული განაცხადებიდან დაკმაყოფილებულია 7%, მაშინ, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 5% იყო.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფებიან, მათი რიცხვი 2022 წელს 21 910 იყო, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 87%-ით 11 695-მდე გაიზარდა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი საქართველოს 3 970 მოქალაქეს ეთქვა, 2021 წელს ეს რიცხვი 3 030 იყო.
10) ეროვნული ბანკი: ბინების ქირის ფასის ზრდა ფინანსური სტაბილურობის რისკის წყარო შეიძლება გახდეს
ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წერს, რომ 2023 წლიდან უძრავ ქონებაზე ფასის ზრდის ტემპი შემცირდა და ამ ეტაპზე ფასი მშენებლობის ხარჯებისა და ინფლაციასთან თანხვედრაშია.
ანგარიშში წერია, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრასთან და ქვეყანაში მიგრაციის ზრდასთან ერთად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, მკვეთრადაა გაზრდილი უძრავი ქონების ქირის ღირებულებაც.
რაც შეეხება ქირას, სებ-ის შეფასებით, ზრდა უფრო მასშტაბურია და მის გრძელვადიან ტრენდს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი რისკის წყარო შეიძლება გახდეს. “გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია კაპიტალიზაციის ინდექსიც, რაც უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის მიმზიდველობის საზომია. თუმცა 2023 წლის პირველ ნახევარში კაპიტალიზაციის ინდექსი მცირედით შემცირდა, რაც ფინანსური სტაბილურობის კუთხით საყურადღებოა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობამ მცირედით დაიკლო, თუმცა კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება,”- წერს სებ-ი.