სახელმწიფო შესყიდვებში, მაღალი ხარისხით სამუშაოს შესრულებისას, ადგილობრივი კომპანიებისთვის 10%-მდე უპირატესობის მინიჭება - ამ ინიციატივას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი ლევან სილაგავა კიდევ ერთხელ აჟღერებს. "ეს წინადადება ბიზნესგაერთიანებას ადრეც ჰქონდა", - ამბობს ის. ინიციატივის არსი ისაა, რომ ადგილობრივი კომპანიების ხელშეწყობის და გაძლიერების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების დროს, პირობითად 10%-ით მაღალი ფასის მიუხედავად, ქართულ კომპანიების მიენიჭოთ უპირატესობა, ვიდრე - უცხოურს.
სილაგავამ ამ საკითხზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემუშავებული „საჯარო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ჩვენ ამ საკითხს ადრეც ვაყენებდით და ახლაც დავაყენებთ - სახელმწიფო შესყიდვებში, მაღალი ხარისხით სამუშაოს შესრულებისას ადგილობრივი კომპანიებისთვის 10%-მდე უპირატესობის მინიჭება, რომელიც შემდეგ უკვე მულტიპლიკაციურ ეფექტს სამუშაო ადგილებზე, დასაქმებაზე, ბიუჯეტზე, ადგილობრივ შენატანებსა და მაღალია ხარისხის პროდუქციის გამოშვებაში იძლევა. პერსპექტივაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობით სწორი სტანდარტები და პრაქტიკა გამოიმუშაონ, რადგან მათში ძალიან დიდი ბიუჯეტია, რომლის ძალიან დიდი ნაწილი ქვეყნის გარეთ გადის და შესაბამისად აქ ძალიან დიდ რეზერვს ვხედავთ, რომ ადგილობრივი კომპანიების წახალისება ევროპული სტანდარტის შესაბამისად მოხდეს“, - განმარტა სილაგავამ და დასძინა, რომ ევროპულ სტანდარტებზე მორგების კუთხით ადგილობრივ კომპანიებს ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ.
მისი შეფასებით, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესყიდვების ახალი კანონპროექტი 200 000 ქართული კომპანიის ევროკავშირის ტრილიონიან ბაზარზე წვდომასა და აღიარების მიხედვით უფრო გამარტივებულად შესვლას ითვალისწინებს.
„ჩვენი კომპანიებისთვის ეს არის სტანდარტების ამაღლების და მაღალი სტანდარტის პროდუქციის მიწოდების შესაძლებლობა“, - განაცხადა სილაგავამ.