09.აპრილი .2020 15:23

„აგარის შაქარი“ 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე იმუშავებს - ინტერვიუ კომპანიის წარმომადგენელთან

views 649
უკან

„აგარის შაქარი“ ამუშავდება - ამოცანა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს 3 აპრილს დაუსახა. ნათია თურნავაც საქმეს შეუდგა და დავალების მიღებიდან რამდენიმე საათში პირობა დადო, რომ აგარის შაქრის კომბინატი 2 თვეში ამოქმედდება და საქართველოს ბაზრის მოთხოვნის ნახევარს დააკმაყოფილებს; თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „აგარის შაქრის კობინატი“ ზუსტად 1 წლის წინ იმიტომ დაიხურა, რომ ბაზარზე არსებულ კონკურენციას ვერ გაუძლო და ეს მთავრობამაც ძალიან კარგად იცოდა. ლოგიკური კითხვებიც აქედან გაჩნდა - იგეგმება თუ არა კომპანიისთვის რაიმე ტიპის შეღავათების დაწესება და თუ კი, ეს სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ხომ არ ჩააყენებს „აგარის შაქარს“?! თავის მხრივ, ნათია თურნავა ირწმუნება, რომ მთავრობა მზადაა, დაეხმაროს ყველა ადგილობრივ წარმოებას „სხვადასხვა მექანიზმით“, მაგრამ მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმა „სხვადასხვა მექანიზმში“. მთავრობასა და ინვესტორ კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმების თაობაზე მეტი დეტალის გასარკვევად, bm.ge-მ "აგარის შაქრის“ კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელ ნიკოლოზ ნათბილაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

- რას აკეთებს „აგარის შაქრის“ კომბინატი მას შემდეგ, რაც პრემიერის მიერ 3 აპრილს ეკონომიკის მინისტრს დაევალა „აგარის შაქრის“ ადგილობრივი წარმოების ამუშავება?

- საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქარხანა გაიხსნება და სრული დატვირთვით ამუშავდება; მანამდე სარემონტო სამუშაობი გვაქვს და 1 ივნისს ქარხანას სრულად გავხსნით. ივნისიდან 31 დეკემბრამდე მოგვიწევს, დაახლოებით, საქართველოს ბაზარზე შაქრის მოხმარების 50% ვაწარმოოთ, რაც მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ 500-მდე ჩვენი პროფესიონალი თანამშრომელი დაუბრუნდება თავის სამუშაო გარემოს. მნიშვნელოვანია ის, რომ სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისათვის იქნება გარანტირებული მიწოდება პირველადი მოხმარების ისეთი პროდუქტის, როგორიც არის შაქარი და დეფიციტი არ შეიქმნება. მნიშნელოვანია ისიც, რომ ქარელის რაიონის მოსახლეობას როგორც - ეკონომიკური, ასევე, სოციალური ხელშეწყობა იქნება.

- რა სახის მხარდაჭერის პაკეტს აამუშავებს მთვარობა, რა მექანიზმები იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ამუშავდეს „აგარის შაქრის კომბინატი“ წელს და გაუძლოს იმ გამოწვევებს, რომელიც წინა წლებში ჰქონდა კომპანიას, იგივე კონკურენციის გაწევის მხრივ?

- მიღწეული შეთანხმებით და ჩვენი გეგმით, ქარხანა იმუშავებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ის მოლაპარაკება და შეთანხმება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ შეეხება გარანტირებულ რაოდენობასა და ქარხნის მუშაობას წლის ბოლომდე, ანუ უნდა დავაკმაყოფილოთ ბაზრის მოთხოვნის 50%. მოგეხსენებათ, ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელშეწყობა ჰქონდეს ადგილობრივ წარმოებას, მით უმეტეს ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქტზე, როგორიც შაქარია და სხვა შაქრის მწარმოებელი ქარხანა საქართველოში არ არსებობს, შესაბამისად, ამ მოლაპარაკებებში სხვადასხვა ფორმით მოხდა შეთანხმება თუ რა ხელშეწყობა მოხდება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ქარხანა ავამუშაოთ. ყველაზე მთავარია ქარხნის ამუშავება, 500 ადამიანის დასაქმება და შაქრის სასურსათო პროდუქტის მოსახლეობისთვის გარანტირებული მიწოდება, დანარჩენი არის სახელმწიფოსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებების შედეგი.

- თუმცა ბაზარზე არიან სხვა იმპორტიორი კომპანიებიც, რომელთაც გაუჩნდებათ კითხვა, რაიმე განსაკუთრებულს ხომ არ გთავაზობთ მთავრობა, რაც მათთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს „აგარის შაქრის კომბინატს“?

- არანაირი უპირატესობები საგადასახადო კუთხით არ იქნება, რაც იმპორტიორებს ჩააგდებს სხვა სიტუაციაში.

- ხომ არაა შეღავათები, იგივე შიდა სარკინიგზო გადაზიდვების კუთხით?

- მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ვნახოთ რას მივაღწევთ... ალბათ, მთავრობას უნდა ჰკითხოთ... კონკრეტიკა მუშა პროცესშია, მთავარი ის არის, რომ ქარხანა გაიხსნება.

- ფაქტია, მეტს მხარდაჭერის მექანიზმებზე არ გვეუბნებით ჯერ... იქნებ გვითხრათ, ყველაზე მთავარი პრობლემა რა იყო, რის გამოც ბაზარზე კონკურენციას ვერ გაუძელით და გასული წლის მარტში ქარხანა გაჩერდა?

- განვმარტავ იმ მიზეზებს, რამაც ქარხნის კონსერვაციის რეჟიმში გადასვლა განაპირობა. პირველ რიგში, რადგანაც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაა ხელმოწერილი, ევროპული ქარხნები შედარებით უფრო  დიდი წარმადობით მუშაობენ, ვიდრე ჩვენი ქარხანა, როცა დატვირთვა იყო ჩვენი ქარხანა წლიურად 100 000 ტონას ამუშავებდა, ევროპული ქარხნები მილიონობით ტონას ამუშავებდნენ; შესაბამისად, მათი თვითღირებულება, ახალ ბაზარზე შემოსვლა და ბაზრის ათვისება, მარკეტინგული სტრატეგია იმაზეა გათვლილი, რომ ყველანაირად კონკურენტუნარიანი პროდუქცია წარმოადგინონ ახალ ბაზარზე და შემოსულიყვნენ საქართველოში, რამაც განაპირობა ის, რომ ჩვენი პროდუქცია ვერ ხდებოდა კონკურენტუნარიანი მათთან შედარებით, ეს იყო იმის მიზეზი, რომ აგარის ქართულმა წარმოებამ კონკურენცია ვერ გაუწია ევროპული კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქტის კონკურენტულ ფასს.

- თუმცა თუ ასეთი მდგომარეობა იყო, მაინც ბუნდოვანია ისეთი რა შემოთავაზება გაგიკეთათ მთავრობამ, რომ თქვენ წლის ბოლომდე მაინც შეძლოთ ოპერირება და გაუძლოთ კონკურენციას?

- დღევანდელ დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომ შარშანდელთან შედარებით ნავთობის ფასის დაცემასთან ერთად ნედლეულის ფასი დაეცა მათ შორის შაქრის ნედლეულისაც და ამან ძირითადი დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენ შეგვეძლო უფრო მეტად კონკურენტუნარიანი პროდუქცია გამოგვეშვა. ჩვენ ვცდილობდით და ბაზარზე ფასს ვიჭერდით, რომ იმპორტირებულსა და ადგილობრივ შაქარზე ერთნაირი ფასი ყოფილიყო და ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელსაც აგარის შაქრის ფასი არ იქნება იმაზე ძვირი, ვიდრე დღეს ბაზარზე არსებული იმპორტირებული შაქარი ღირს.

- თუ შეგიძლიათ, დაგვიკონკრეტოთ, რა სახით აღდგება წარმოება, კვლავ იმპორტირებული ნედლეულის გადამუშავების გზით, თუ იგეგმება წარმოების სრული ხაზის შექმნა, ვგულისხმობთ, ნედლეულის ადგილზე მოყვანას, მაგალითად ჭარხლის პლანტაციების გაშენება და შემდეგ შაქრის წარმოება?

- ჩვენი ქარხანა, როგორც აქამდე, 1 ივნისიდანაც იმპორტირებულ ლერწმის შაქრის ნედლეულის გადამუშავებაზე იმუშავებს. ჩვენი ინვესტორის მხრიდან მოხდა გარანტირებული ნედლეულის შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმება, რომელიც გარანტირებულად 2020 წლის ბოლომდე უზრუნველყოფს ქარხნის სრულ დატვირთვას და წარმოების ციკლს. რაც შეეხება საქართველოში ჭარხლის წარმობას, 90-იანი წლებიდან ის მიწები, სადაც საბჭოთა კავშირის პერიოდში მოჰყავდათ შაქრის ჭარხალი, პრივატიზებულ იქნა და დღეს არ არსებობს ჭარხლის მოყვანის პრეცედენტი და ისტორია. იმისთვის, რომ დაიწყოს შაქრის ჭარხლის მოყვანა და შემდეგ წარმოება, ძალიან დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან ასოციაციებისა და ფერმერების მიერ. ჩვენი ქარხანა კი, 90-იანი წლების შემდეგ გადაკეთებულია და მხოლოდ ლერწმის შაქრის წარმოებაზე მუშაობს. ჭარხლისგან შაქრის საწარმოებლად ქარხნის გადაიარაღება დაგვჭირდება, რაც დამატებით ინევსტიციებთან იქნება დაკავშირებული. ამასთან, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიწები არის კერძო ხელში და მოჰყავთ სხვადასხვა კულტურები და არავის დაუწყია შაქრის ჭარხლის მოყვანა, რადგან გასაღების ბაზარიც არ არსებობს; ჩვენი ქარხანაც გადაკეთებულია ლერწმის შაქრის მწარმოებლად.

- საიდან შემოგქონდათ ნედლეული გასულ წლებში და ახლა საიდან შემოიტანთ?

- მოგეხსენებათ, ნედლეული ანუ შაქრის ლერწამი მსოფლიოში ივაჭრება საერთაშორისო ბირჟაზე; ჩვენი გამოცდილებით, ბაზარი უმეტესწილად გაჯერებულია ბრაზილიიდან ჩამოტანილი ნედლეულით.

- გასულ წელს, თქვენ შაქრის TOP-10 იმპორტიორ კომპანიას შორის იყავით, მიმდინარე წლის 2 თვის მონაცემებით, იმპორტიორთა შორის თქვენი კომპანია არ ფიქსირდება. აღარ ხართ ბაზარზე აქტიურად?

- ჩვენ როგორც - შარშან, ასევე, წელსაც შაქრის იმპორტს და რეალიზაციას ვახორციელებთ. საქმე იმაშია, რომ 2019 წლის ბოლოსთვის საკმარისი ნაშთი იყოს იმისთვის რომ იანვარ-თებერვლისთვის გვყოფნოდა, ალბათ ესაა მიზეზი. „აგარის შაქრის კომპანიამ“ იმპორტი განახორციელა მარტში, ასევე, აპრილში. ივნისიდან კი, ჩვენს ქარხანაში წარმოებულ შაქარს გავყიდით.