მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

5da5e94fbd31a
თელარა გელანტია
15.10.19 19:40
872
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.

საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განსახილველად 8 ოქტომბერს წარადგინა, თუმცა კომიტეტმა ბიუჯეტის პროექტს კენჭი არ უყარა და ფინანსთა სამინისტროს შენიშვნებით დაუბრუნა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნა შეეხებოდა მოსავლის ამღები ტექნიკის დაფინანსების პროგრამას, რომლისთვისაც 5 მლნ ლარია გამოყოფილი, მოთხოვნილი 35-ის ნაცვლად.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია ჯამური რესურსის გაზრდა, თუმცა მათ ჰქონდათ დამატებითი კონსულტაციები და მიღებული იქნა გადაწყვეტილება ერთიანი აგროპროექტის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით სხვა პროექტების შემცირების ხარჯზე.

მისივე თქმით, ამისათვის აუცილებელია კიდევ დამატებითი კონსულტაციები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ ტექნიკის საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, გარკვეული რესურსების მოძიება შესაძლებელია და სამინისტრო მზად არის კონსულტაციებისთვის.

„ბიუჯეტის განხილვის ეტაპი დავასრულეთ. მივესალმები მზაობას თანამშრომლობის ნაწილში. ძირითადი მიმართულებები გათვალისწინებულია და ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ კონსულტაციებს სამუშაო ფორმატში, რომ მოვიღოთ დამატებითი დაფინანსება მნიშვნელოვანი პროექტებისთვის“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.