26.ნოემბერი .2020 16:35

აიღებს თუ არა მთავრობა ₾1.1 მილიარდის დახმარების პაკეტისთვის ახალ საგარეო ვალს?

აიღებს თუ არა მთავრობა ₾1.1 მილიარდის დახმარების პაკეტისთვის ახალ საგარეო ვალს?
views 548
უკან

BMG-ის კითხვაზე, თუ რა წყაროებიდან დააფინანსებს საქართველოს მთავრობა ახალი ლოქდაუნის პარალელურად გამოცხადებულ დახმარებების პაკეტს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უპასუხა. მისი თქმით, 1.1 მილიარდი ლარის დაფინანსებისთვის სახელმწიფოს ახალი ვალის აღება არ დასჭირდება.

“იცით, რომ უახლოეს დღეებში შევალთ პარლამენტში ბიუჯეტის კანონპროექტით. იცით, რომ 2021 წელს ჩვენ შევინარჩუნებთ დეფიციტის მაღალ ნიშნულს და ვთქვით, რომ მოგვიწევდა მაღალი დეფიციტის შენარჩუნება. სწორედ ეს იქნება დაფინანსების წყარო. თანხები, რომლებიც მოვიზიდეთ წელს და რომლებზეც უკვე ხელმოწერები გაფორმებულია.

წელს რა ვალებიც მოვიზიდეთ, რაც იყო $1.5 მილიარდი ლარი სწორედ კოვიდთან გამკლავებისთვის,”- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ იმის მიუხედავად, რომ კრიზისის გამო, საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი გაეზარდა, ქვეყანას აქვს კარგი რეპუტაცია, შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში ახალი რესურსების მოზიდვაც იქნება შესაძლებელი.

სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის 1.1-მილიარდიანი პაკეტი შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს:

1) ტურიზმი და სარესტორნო ბიზნესი:

„ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის 2021 წლის განმავლობაში ქონების გადასახადი იქნება გაუქმებული. ისინი გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ტურიზმის სექტორს ჩამოეწერება ასევე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც პანდემიის დასაწყისში 4 თვით გადავადდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დახმარების პაკეტი ეხება სარესტორნო ბიზნესსაც. პრემიერის თქმით, მათთვის ამოქმედდება პროგრამა, რაც ითვალისწინებს
სასესხო ვალდებულებების პროცენტის სუბსიდირებას. „ყველა იმ რესტორანს, ან კომპანიას, რომელსაც გააჩნია სასესხო ხელშეკრულება, 6 თვის განმავლობაში მთავრობა სესხების პროცენტებს დაუსუბსიდირებს“, - განაცხადა გახარიამ.

2) საშემოსავლო გადასახადის შეღავათი:

დამატებით, 6 თვის ვადით გაგრძელდება ასევე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პაკეტიც, რაც ითვალისწინებს 750 ლარამდე ხელფასის და 1500 ლარამდე ხელფასის 750 ლარის მოცულობაზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა შეეცდება ეს შეღავათი დეკემბრიდანვე აამოქმედოს. 

3) უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია:

„ადამიანები, რომლებიც ფორმალურად იყვნენ დასაქმებული, თუმცა დაკარგეს სამსახური, 1200 ლარს მიიღებენ 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარის ოდენობით. პროგრამა აღდგება 1 იანვრიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა და ფიქრობენ, რომ ეს მაჩვენებელი ახლაც შენარჩუნდება.

4) საცალო ვაჭრობაში დასაქმებულთათვის 300-ლარიანი კომპენსაციები და სესხების გადავადებაში მხარდაჭერა:

 ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან საცალო გაყიდვების სექტორში სახელმწიფოსგან 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა დაახლოებით 100 000 – 120 000 ადამიანი იქნება. ამასთან, საცალო გაყიდვების სექტორში დასაქმებული ადამიანებს, რომლებიც შეზღუდვების გამო დროებით დაკარგავენ სამსახურს და ექნებათ საბანკო ვალდებულებები, სახელმწიფო ბანკებთან სესხების გადავადების საკითხზე უშუამდგომლებს.

„ჩვენი ბიზნესის დახმარების და სოციალური დახმარების წინა სამი ტალღა უკიდურესად მიზნობრივი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ტალღის დროს არ ვიცოდით ეპიდემიის და ეკონომიკური კრიზისის მასშტაბი და მაქსიმალურად ვეცადეთ ეს გადანაწილებულიყო სოციალურ ყველა ჯგუფზე, დღეს უკვე გამოვყოფთ წერტილოვან ჯგუფებს, თუმცა დაფარვის პრინციპსაც ვინარჩუნებთ. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და აქ ძალიან ბევრი მოქალაქეა დასაქმებული. ძირითადად ეს შეზღუდვები არის 4-5 კვირა, ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში - ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით.

5) სოციალურად დაუცველებისთვის 100-ლარიანი დახმარება 6 თვის მანძილზე:

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველები 100 ლარიან დახამრებას 6 თვის მანძილზე მიიღებენ. 

„ჩვენ გვყვავს სოციალურად დაუცველი 65 000-სა და 100 000 ქულას შორის საკმაოდ დიდი რაოდენობა მოსახლეობის. ეს ის ჯგუფია, რომელიც ყველაზე მოწყვლადია მსგავსი კრიზისების პერიოდში, რომელიც ეხება არაფორმალურად დასაქმების სამსახურის დაკარგვის, ან მოკლევადიანი სამუშაოს მქონე პირების შემოსავლის დაკარგვის რისკს. ამიტომ ჩვენ ვაახლებთ ამ პროგრამას და 65 000-დან 100 000 ქულამდე მქონე ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში შახელმწიფოს მხრიდან ექნება 100 ლარი, ისევე როგორც პირველი ტალღის დროს. მაშინ ამ პროგრამით ისარგებლა 72 000 ოჯახმა.

გარდა ამისა დამატებით 0-დან 100 000 ქულამდე მყოფ ოჯახებისთვის მათ ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი ყოველთვიურად 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ 100 ლარის დახამრება. გარდა ამისა 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100 ლარიანი დახამრება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ეს დაფარავს 43 000 ადამიანს“, - განაცხადა პრემიერმა.

6) მოსახლეობის კომუნალური გადასახადის სუბსიდირების 4-თვიანი პროგრამა:

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით მოსახლეობისთვის 4 თვის ვადით კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა დახმარებების ამ პაკეტის შემადგენელი ნაწილიც არის და ის სახელმწიფო ბიუჯეტს 270 მილიონ ლარამდე დაუჯდება. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა