14.იანვარი .2020 13:50

ალხან ალიზადე: აგარის შაქრის ქარხანა კონსერვაციაშია

views 641
უკან

აგარის შაქრის ქარხანა მარტიდან კონსერვაციაშია, - ამის შესახებ BM.GE-ის ქარხნის გენერალურმა დირექტორმა ალხან ალიზადემ განუცხადა.

ალხან ალიზადეს ინფორმაციით, საუბრები რაიმე სახის თანამშრომლობაზე მთვარობასთან ამ ეტაპისთვის არც მიმდინარეობს.

„ჯერჯერობით, არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. მთავრობის მხრიდან შეღავათებით ჩვენ არ ვსარგებლობდით; უბრალოდ, ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო ვერ ვმუშაობთ. ნედლეული უფრო იაფად რუსეთიდან შემოდის და შესაბამისად, ჩვენ ვერ ვაწარმოებთ პროდუქციას ასეთი კონკურენციის პირობებში“, - ამბობს ქარხნის გენერალური დირექტორი.

მისივე თქმით, ქარხანაში დასაქმებული 500-მდე ადამიანთან, 2019 წლის მარტის შემდეგ ხელშეკრულებები გაწყვეტილია.

"მარტიდან საწარმო კონსერვაციაშია და ყველა გათავისუფლებულია სამსახურიდან", - უთხრა BM.GE-ის ალხან ალიზადემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აგარაში მდებარე შაქრის გადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა.  კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ მიზეზად ის ფაქტი სახელდებოდა, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევდა.

ბოლოს ქარხანამ მუშაობა 2018 წლის 1 ივნისს განაახლა. მაშინ ითქვა, რომ პროფკავშირებისა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, „აგარის შაქარსა“ და სახელმწიფოს შორის შეთანხმება შედგა, მაგრამ შეთანხმების დეტალებზე მაშინაც არავინ საუბრობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგ საწარმოს, სავარაუდოდ, სხვადასხვა ტიპის შეღავათები დაუწესეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო ის, რომ "საქართველოს რკინიგზამ" "აგარის შაქარს" სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფი გადაუანგარიშა და შედეგად, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფი 1 ტონა ტვირთზე 3,58 აშშ დოლარამდე შეუმცირა.

„მხარეთა შეთანხმებით შემუშავდა „აგარის შაქრის კომპანიისათვის“ მხარდაჭერის პაკეტი, რის შედეგადაც, ქარხანამ მუშაობა სრულად განაახლა“, - აცხადებდნენ ბიზნესომბუდსმენის აპარატში 2018 წლის ივნისში.

"მე მგონი, აგარის ქარხანამ დაიწყო მუშაობა. ეს არის მთავარი", - აცხადებდა ყოფილი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი 2018 წლის მაისში.