მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამაზე სტაბილური ბაზარი ჩვენ არ გვაქვს“ - რატომ ირჩევენ მცირე ბიზნესები ევროპას?

640b10951323c
თინათინ ნატმელაძე
10.03.23 22:40
686
ქართული მცირე ბიზნესების წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი პროდუქციის ექსპორტს ევროპაში ახორციელებენ, BM.GE-თან ამ ბაზარის უპირატესობების შესახებ საუბრობენ.

ყველა სექტორის წარმომადგენელი მთავარ უპირატესობად სტაბილურობას, მაღალ ხარისხზე მოთხოვნას, საფასო სეგმენტსა და სწრაფ გადახდებს ასახელებს.

„Emocia Wines” და “Emocia Diamond“ ღვინის ქვისგან დამზადებულ სუვენირებსა და აქსესუარებს აწარმოებს და როგროც მისი დამფუძნებელი თამუნა აბულაძე ამბობს, ევროკავშირის ბაზარმა და ევროპელმა დონორებმა წარმოების გაფართოების შესაძლებლობა მისცა.

„ევროპის ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ხარისხს დიდ ყურადღებას აქცევენ, კარგად იცნობენ ჩვენს ქვეყანას, იღებენ ჩვენს პროდუქციას, იმიტომ რომ ჩვენ უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს და ამ კუთხითაც ძალიან საინტერესო ვართ, მათთვის მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რასაც საქართველოში ხედავენ. ასევე, ფინანსური თვალსაზრისით, ძალიან მომგებიანია ეს ბაზარი. ვთვლი, რომ სწორედ დასავლური ღირებულებების ხარჯზე ვარ ძლიერი მეწარმე“, - განაცხადა თამუნა აბულაძემ.

მეღვინეობა „ამბრას“ დამფუძნებელი აკაკი სირაძე კი აღნიშნავს, რომ ევროპაში ოპერირების დროს მწარმოებელი იძულებულია, პროდუქტის ხარისხზე მაქსიმალურად იზრუნოს.

„ევროპაში 2020 წლიდან შევდივართ - ჰოლანდიაში, პოლონეთში, ლიტვაში და ახლა უკვე ბრიტანეთშიც. მაღალ ხარისხთან ერთად ეს არის ყველაზე შემოსავლიანი ბაზარი, რადგან გადახდები ევროში ხდება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება.

ჩვენ ასევე გვაქვს „კრესტის“ გრანტი ჩეხეთიდან, რითიც ჩენი ქარხანა აღვჭურვეთ, დანადგარები შევიძინეთ და ამან წარმოების პროცესი საგრძნობლად გაგვიმარტივა“, - ამბობს მეღვინე.

კიდევ ერთი ღვინის მწარმოებელი კომპანია „ღვინუკას“ დამფუძნებელი ზურა მაისაშვილი კი აცხადებს, რომ ევროპაში საშუალო გაყიდვების რაოდენობა მუდმივად იზრდება, ბიზნეს პროცესი შეუფერხებლად მუშაობს და ერთი გაყიდული ბოთლის ფასი აქ ბევრად მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

მინერალური და გაზირებული წყლის მწარმოებელი კომპანია „ვოთერლენდი“ მიმდინარე წელს ევროპის ბაზარზე ერთი მილიონი ბოთლი წყლის გატანას გეგმავს და კომპანიის წარმომადგენელი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ მათთვის ყველაზე პრიორიტეტული სტაბილურობაა.

„გამოცდილებამ გვანახა, რომ სწორედ ევროპაა ყველაზე მყიდველ უნარიანი, მზარდი მოთხოვნით, რაც კომპანიის მარჟაზეც აისახება. ყველაზე მზარდი ბაზრები, სადაც ჩვენ პროდუქცია გაგვაქვს არის ბალტიის პირეთის ქვეყნები, პოლონეთი და ახლა უკვე გერმანიაშიც გავდივართ. ძალიან საამაყოა, რომ ჩვენს ევროპულ ოჯახში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ვახდენთ“, - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

რაც შეეხება თხილის მწარმოებელ სექტორს, კომპანია GPR-ის თანადამფუძნებელი ბაია სალუქვაძე გვიყვება, რომ ევროპაში თხილზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება და რაც მთავარია, აქ გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებობა არსებობს.

„ჩვენი გაყიდვების 60% ევროპულ ბაზარზე მოდის, ანგარიშსწორება კი მუდმივად დროულად ხდება. ამ წლის სეზონზე გრძელვადიანი კონტრაქტები დავდეთ იტალიასთან, გერმანიასთან და ბელგიასთან, თითოეულ კომპანიას 500 ტონაზე მეტ თხილს ვაწვდით. არასდროს გვქონია შეფერხებები და კომპანიისთვის ძალიან პერსპექტიულია მათთან თანამშრომლობა. ამას გარდა ჩვენი თხილი გადის საფრანგეთის, პოლონეთისა და ლიტვის ბაზრებზეც“, - ამბობს ბაია სალუქვაძე.

იგივე სახის უპირატესობებს ხედავენ კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიებიც, „კაშკაშის“ თანადამფუძნებელი ქეთო გიორგობიანი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ ევროკავშირს აქვს ერთი ძალიან დიდი პლუსი - ერთი ჩარჩო რეგულაციის ქვეშ თავსდება 30-ზე მეტი ქვეყანა, ბაზარი ძალიან დიდია და ამასთან ერთად ყველზე სტაბილურია მათი ეკონომიკა და გადახდები.