ყაზახეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ტექნიკური დავალების შესრულების მომზადებასა და მწვანე ენერგიის ექსპორტისთვის ერთობლივი კომპანიის შექმნაზე შეთანხმდნენ.
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი შეთანხმება ბაქოში ქვეყნების ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრების შეხვედრაზე შედგა, რა დროსაც უწყებების ხელმძღვანელებმა ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანის გავლით ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
"სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა ერთობლივ შეთანხმებას, რომელშიც ქვეყნების განახლებადი ენერგიების წარმოების პოტენციალი და ალტერნატიული წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის პროექტთან მიერთების მზაობის შესახებაა აღნიშნული.
შეხვედრის მონაწილეები ერთობლივი ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც განახლებადი ენერგიის წყაროებზე აქცენტით ელექტროენერგიის მიმოცვლის სფეროში თანამშრომლობისთვის, ასევე მწვანე წყალბადისა და მწვანე ამიაკის წარმოებისა და ექსპორტის და ინფრასტრუქტურის შექმნისთვის საჭირო ტექნიკურ სამუშაოს შეასრულებს", - ნათქვამია ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ტექნიკური საკითხების შემუშავებისა და დამტკიცების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძვლების მომზადების შესახებ. ამასთან, მონაწილეების პროექტის განხორციელებისთვის ერთობლივი კომპანიის შექმნაზე შეთანხმდნენ.
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგეტიკის და ეკონომიკის მინისტრების შემდგომი შეხვედრა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება.
BMG აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა და იკითხა - აქვთ თუ არა ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ და ხომ არ ყოფილა რაიმე სახის კომუნიკაცია ცენტრალური აზიიდან ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესში საქართველოს ჩართულობის შესახებ. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.