მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამერიკული კანონის ანალოგის ინიცირება იმას ემსახურებოდა, რომ საბოლოოდ რუსული კანონი გაეყვანათ“

640dbfacdedd2
თინათინ ნატმელაძე
12.03.23 20:05
548
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“-ს ხელმძღვანელი, ეკა ციმაკურიძე BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ იმ შესაძლო შედეგების შესახებ საუბრობს, რასაც „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი მოიტანდა.

მისივე ცნობით, მმართველი პარტიის მცდელობა, აღნიშნული კანონპროექტი მოსახლეობისთვის ამერიკული კანონის სახით გაეცნო, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ საბოლოო ჯამში კანონის რუსული ვერსია დამტკიცებულიყო.

„თავისი შედეგით, რასაც მოიტანდა ამ კანონის მიღება, ეს იყო ანტიდასავლური შედეგის დადგომა ქვეყანაში. სჯეროდათ, რომ ამას გაიტანდნენ და ამერიკული კანონპროექტის ანალოგის ინიცირება სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ საბოლოო ჯამში რუსული კანონი ყოფილიყო გატანილი.

ამერიკული მოდელი არ ეხება არასამთავრობოებისა და მედიის გამჭირვალობას, ის ეხება უცხო ქვეყნიდან მომდინარე ეროვნულ საფრთხეებს, ანუ ის საფრთხეები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მუშაობს და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობას.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით 2012 წლის შემდეგ რუსეთში როგორ დაიხურა ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და კრიტიკული მედია საშუალება, ეს რომ გაჟღერდა საზოგადოებაში, სწორედ მაშინ დააინიცირეს ამერიკული კანონი, თუმცა მათ არცერთ ეტაპზე უარი არ უთქვამთ რუსულზე, კენჭისყრაზეც სწორედ რუსული ვერსია გაიტანეს და არა ამერიკული.

ეს არსებითი განსხვავება ამერიკულ და რუსულ კანონებს შორის მნიშვნელოვნად ცვლიდა სიტუაციას - ამერიკული ვერ იქნებოდა გამოყენებული მასობრივად, ყველა მედია საშუალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რუსული მოდელის მიზანი კი სწორედ ეს იყო. ამერიკაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 5%-ია მოხვედრილი ამ რეესტრში, საქართველოში კი ყველა, მიუხედავად იმისა, მართლა წარმოადგენენ თუ არა ისინი უცხო ქვეყნის ინტერესებს, მხოლოდ იმიტომ, რომ იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან, ამ სიაში მოხვდებოდნენ.

სოფლის მეურნეობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ხელშეწყობა, ბავშვების დაცვა, ოჯახში ძალადობის საკითხები, ძალიან ბევრი დემოკრატიის განვითარებისთვის საჭირო საკითხები ფინანსდება სწორედ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ამიტომ მათ არ ეკუთვნით აგენტთა სიაში მოხვედრა. მცდელობა კი იყო ქვეყანაში, რომ შექმნილიყო სია, რომელიც შერაცხავდა ადამიანებს აგენტებად“, - განაცხადა ეკა ციმაკურიძემ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად დაირღვეოდა ადამიანების უფლებები და პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა.

„ყველა ადამიანის ვინაობა, ხელფასი, სხვადასხვა პეროსნალური ინფორმაცია, ხდებოდა საჯარო. ნებისმიერ დროს, სახელმწიფოს შეეძლო ორგანიზაციებისთვის ამ ინფორმაციის გამოქვეყნება მოეთხოვა, ამ დროს კი თავად არ მუშაობენ ამ სტანდარტით - მაგალითად, 2020 წლიდან მოყოლებული არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია მთავრობის განკარგულებით ქონების პრივატიზების, სამთავრობო პროექტების დაფინანსებისა და ბიუჯეტიდან ხარჯის გაწევის შესახებ. ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ, რაც სასამართლოში კორუფციის სერიოზულ რისკს აჩენს.

გამჭირვალობისთვის რაცაა საჭირო, ამას ისედაც აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები - აქვეყნებენ პროექტების ხარჯებს, ფინანსებს, დამფინანსებლების ვინაობას, ამას დონორებიც ითხოვენ ჩვენგან“, - განამარტავს „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო და ვენეციის კომისიასაც გადაუგზავნა, თუმცა საზოგადოების მასობრივი პროტესტის შემდეგ, 9 მარტს მათი უკან გამოწვევა გადაწყვიტა, 10 მარტს კი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩავარდა.