მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვის წესები განმარტა

5e88649a2524d
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.20 17:33
1566
დღეს, დილის 09:00 საათზე საქართველოში კორონავირუსისგან 79 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ის ე.წ. ბოლონისი-მარნეულის კლასტერიდან იყო. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ სპეციალურ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას გააცნო ის წესები, რომელიც ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში უნდა იქნას დაცული. მისი თქმით, ყველა პროცედურა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 25 მარტს დამტკიცებულ დოკუმენტშია („ინფექციის კონტროლის ღონისძიებები COVID-19-ით ინფიცირებულის გარდაცვალების დროს“) გაწერილი.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებები არ არის ისეთი მძიმე, როგორიც ებოლას ან სხვა ჰემორაგიული ინფექციების დროს ხდება.

მისი თქმით, არსებობს სპეციალური ჩანთები, სადაც სპეციალური დამუშავების შემდეგ თავსდება გარდაცვლილი და შემდგომ ეს ჩანთა  სამედიცინო დაწესებულების სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ტრანსპორტირდება, სადაც სპეციალური მისანიშნებელი ნიშანი უკეთდება; ხდება ჩანთის გარე ზედაპირის სადეზინფექციო დამუშავება და ამის მერე გარდაცვლილის ოჯახს შესაბამისი რეკომენდაციები უნდა მისცენ.

"სასურველი და აუცილებელია, რომ კორონავირუსით ან შესაძლო შემთხვევით გარდაცვლილი პირი დაიკრძალოს 72 საათამდე. ამას ხაზს ვუსვამ და არ უნდა იყოს ამ დროს ტრადიციული დიდი მისამძიმრება - პანაშვიდები; ამავე დროს, არ არის სასურველი შესაბამისი სარიტუალო სუფრა და ა.შ. ყველა ეს რეკომენდაცია დაწესებულების მიერ ეძლევა გარდაცვლილთა ახლობლებს", -  განაცხადა გამყრელიძემ.