მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ან ყველას გვათავისუფლებენ, ან გვიკმაყოფილებენ მოთხოვნას... "მაგთის" ტექნიკური სამსახური გაჩერებეულია”

61e030adb74c6
სალომე მეცხვარიშვილი
13.01.22 19:00
8186
უკვე მეორე დღეა “მაგთიკომის” 300-მდე ინჟინერ-ტექნიკოსი კომპანიის სათავო ოფისთან საპროტესტო აქციებს მართავს. თანამშრომლები ანაზღაურების და საბონუსე სისტემის გადახედვას ითხოვენ. მხარეებს შორის ორი დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა შედგა, თუმცა შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტის გამო გაჩერებულია “მაგთიკომის” ტექნიკური სამსახური - ვერ ხდება ვერც ახალი აბონენტების ქსელში ჩართვა და ვერც დაზიანებების გასწორება.

"ან ყველას გვიშვებენ სამსახურიდან, ან გვიკმაყოფილებენ მოთხოვნას და ვაგრძელებთ მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში "მაგთიკომის" ტექნიკური სამსახური სრული შემადგენლობით გაჩერებული ვართ”, - ამის შესახებ Bm.ge-ს “მაგთიკომის” ინჟინერ ტექნიკოსმა ბაჩო ქიმუცაძემ განუცხადა.

მისი თქმით, თუ კომპანიისგან მზაობა დაინახეს, მზად არიან, დათმობაზე თავადაც წავიდნენ.

“ბოდიში მინდა მოვუხადო "მაგთიკომის" მომხმარებელს, რადგანაც ჩვენი პროტესტის გამო, ვერ ვემსახურებით, ვერ ვუგვარებთ პრობლემებს.

რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნას - გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ის ანაზღაურება, რომელსაც ვიღებთ ჩვენი შრომის შესაბამისი არ არის. ამიტომ ჩვენ მივმართეთ კომპანიას თხოვნით, ჩავაბარეთ წერილი, მივეცით გარკვეული პერიოდი, რომ გადაეხედათ ამ მოთხოვნებისთვის, შეცვლილიყო ჩვენი ანაზღაურება.

საბონუსე სისტემა არის ძალიან ბუნდოვანი და ერთი წლის განმავლობაში არავინ იცის, შეხვდება თუ არა ბონუსი წლის ბოლოს. ამის დათვლის პრინციპიც ბუნდოვანია.

დიახ, ხელფასის მატება მოხდა, მაგრამ ეს იყო პანდემიის დაწყებამდე, პანდემიის დაწყების შემდეგ კი ხელფასი არ გადახედილა. არადა პანდემიის პირობებში იყო პერიოდი, როცა ქალაქში საპატრულო მანქანები, სასწრაფო და მხოლოდ ჩვენ დავდიოდით. არცერთი დღე არ გავჩერებულვართ.

ჩვენი სამუშაოს პირობები გართულდა, საქმემ მოიმატა და ანაზღაურება არ შეცვლილა. ამას დაემატა ინფლაცია, გაძვირებული პროდუქტი. შესაბამისად, ჩვენი ანაზღაურება არის მიზერული იმ შრომის გათვალისწინებით, რასაც ვაკეთებთ კომპანიისთვის.

გუშინ შევხვდით კომპანიის წარმომადგენლებს და გვითხრეს, რომ არაფერზე არიან თანახმა”, - აცხადებს “მაგთიკომის” თანამშრომელი. 

bm.ge-ის ინფორმაციით, "მაგთიკომის" ინჟინერ-ტექნიკოსების ხელფასი 800 ლარამდეა. 

"გადავდგამთ სამართლებრივ ნაბიჯებს" - "მაგთი" ხელფასით უკმაყოფილო თანამშრომლებს პასუხობს