მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის ახალი ტენდერის მოსამზადებლად მთავრობა White & Case-სა MTBS-ს 1 მილიონად დაიქირავებს

62e27f68153c7
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.22 16:22
1294
საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტზე ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულმა “ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტომ” განაცხადა გამატივებული შესყიდვის შესახებ, რომლითაც უწყება საკონსულტაციო მომსახურებებს შეიძენს. საუბარია იურიდიულ ფირმა White & Case-ზე, როტერდამის პორტის საკონსულტაციო ცენტრსა და კომპანია MTBS-ზე. შესყიდვის ღირებულება 1 მლნ ლარია. ამ კომპანიების მიერ შემუშავებული დოკუმენტების მიხედვით სააგენტო ახალი საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. ამ კომპანიებთან ანაკლიის განვითარების სააგენტო წინა წლებშიც თანამშრომლობდა.

“შესყიდვის მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განსახორციელებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლება, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავება, შერჩევის პროცესის წარმართვა და სხვა.

საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისათვის საჭიროა მაქსიმალურად მოკლედ დროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნისა და გამოცდილების იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა მიმართულებების საკონსულტაციო და საკონტროლო მომსახურებების შესყიდვა,დაწყების დღიდან ამ ეტაპამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას კონსულტაციას უწევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიული თუ ფინანსურ/ტექნიკური საკონსულტაციო კომპანიები (Dechert Georgia (შემდგომში შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“), White & Case, Port Consultants Rotterdam, Maritime & Transport Business Solutions B.V.ა ა.შ.), რომლებიც სრულად არიან ჩართულნი პროექტში, იცნობენ პროექტის ყველა დეტალს და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აღნიშნულ/ასეთ კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაც დაზოგავს სააგენტოს დამატებით არაგონივრულ ფულად რესურსსა და დროს, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულებ(ებ)ი გაფორმდეს ახალ მაღალ კვალიფიკაციის/რეპუტაციის მქონე საერთაშრისო საფინანსო ან/და საკონსულტაციო ან/და იურიდიულ კომპანიებთან, რაც წარმოადგენს პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მთავარ გარანტიას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მსგავსი ხასიათის პროექტების განსახორციელებლად,” - ნათქვამია დოკუმენტში.

2022 წლის 1 აპრილს, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტით “რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა”. მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობისთვის სტრატეგიული მიმართულებაა და ამ მხრივ არსებული “ჩავარდნა ერთ-ერთ გამოწვევას” წარმოადგენს.

ლევან დავითაშვილი არ ასახელებს, თუ რომელი ინვესტორები არიან დაინტერესებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით. ის ამბობს, რომ პროექტის განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია საარბიტრაჟო დავების გადაწყვეტაც.

2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადენს.

"პროექტი გეგმის მიხედვით რომ გაგრძელებულიყო, წელს უკვე გემები უნდა შესულიყვნენ ამ პორტში და ის ღია უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა,"- განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც პროექტის ინვესტორთა მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავის დაწყება მოყვა.

ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის $35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში.

საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ ისინი კვლავ რჩებიან ანაკლიის პროექტის ერთგულები და პროექტთან დაკავშირებით ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავენ. ამ დრომდე უცნობია როდის იგეგმება ამ ტენდერის გამოცხადება.