მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განცხადებას ავრცელებს

5d807de9d0aad
BM.GE
17.09.19 10:27
2217
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განცხადებას ავრცელებს. ისინი ეხმაურებიან ბოლო დღეებში საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისა და "ანაკლიის განვითარების კონზორციუმის საგენტოს" მიერ გაკეთებულ განცხადებებს კონსორციუმის ახალ შესაძლო ინვესტორებთან დაკავშირებით. 

მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა, რომ კონტი ჯგუფის ჩამნაცვლებლად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განიხილავს კომპანია Meridian Capital Limited-ს, თუმცა, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნულ კომპანიას, პორტში მონაწილეობაზე უარი განუცხადა.

თუმცა, თავად ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნულს არ ადასტურებს. უწყების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის დავით ჯავახაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მათ კონტი ჯგუფის ჩასანაცვლებლად Meridian-ის კანდიდატურა ოფიციალურად წარუდგინა. ჯავახაძის თქმით, სახელმწიფოს აღნიშნულ წინადადებაზე პასუხის გასაცემად 28-დღიანი ვადა აქვს მიცემული.

გთავაზობთ კონსორციუმის განცხადებას:

""ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" თავს შეიკავებს მხარეთა შორის ჩვეულებრივი ორმხრივი კომუნიკაციის ფარგლებში სამინისტროსთან გამართული, კონფიდენციალური განხილვების თაობაზე კომენტირებისგან; ასევე განხილვებთან დაკავშირებით სხვა პირების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე კომენტირებისგან. კონსორციუმი აგრძელებს ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას პროექტთან დაკავშირებულ ყველა მხარესთან, მათ შორის სამინისტროსთან, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კონსორციუმმა ცოტა ხნის წინ წარუდგინა სამინისტროს ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი, რომელთაც, უკვე გაცხადებულ ინვესტორებთან - ამერიკულ SSA Marine-თან და ქართულ "თიბისიეიჩ ანაკლიასთან" ერთად, პოტენციურად შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა კონსორციუმის გაძლიერებაში.

კონსორციუმი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით დაწყებული კომუნიკაციის ლოგიკური გაგრძელება იქნება, თუ სამინისტრო ოფიციალური წერილებით დაუდასტურებს ზემოხსენებულ პოტენციურ ინვესტორებს, რომ მათ მიესალმებიან პროექტში და ექნებათ სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა.

უკვე დროა, ყველა დაინტერესებულმა და ჩართულმა მხარემ გააერთიანოს ძალები, რათა ეს სტრატეგიული პროექტი წარმატებით განხორციელდეს. კონსორციუმი მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ყველა პოზიტიურ ნაბიჯს, რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს პროექტის შემდგომ სწრაფ განვითარებას - საქართველოს ზოგადი საერთო წარმატებისთვის",- ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებაში.