მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ანაკლიის პორტზე კონსულტაციას ბევრი ინვესტორი გადის” - მთავრობა

6346883a26a46
BM.GE
12.10.22 13:25
926
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებით “ბევრი” ინვესტორი არის დაინტერესებული.

რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დაინტერესებულ ინვესტორებს შორის გაერთიანებული საამიროების “აბუ დაბის პორტებიც” არის დაინტერესებული.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ სახელმწიფო არ აპირებს ანაკლიის პორტის პოტენციურ ინვესტორთან დადოს იმგვარი ხელშეკრულება, სადაც მთავრობას ტვირთების ბრუნვაზე გარკვეული გარანტიები ეკისრება.

“დღეს ძალიან ბევრი სხვადასხვა ინვესტორი გადის კონსულტაციებს ეკონომიკის სამინისტროსთან და მთავრობასთან, იყო არაერთი შეხვედრა. ახლა სწორედ ეს სააგენტო ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას, რომელიც მოგვეხმარება ახალი ტენდერის გამოცხადებაში და მე დარწმუნებული ვარ, მომდევნო წელს უკვე შესაძლებელი იქნება ახალი ინვესტორის მოძიება, რომელიც არ მოითხოვს სახელმწიფო გარანტიების გაცემას იმაზე, რომ თუ ტვირთბრუნვა არ ექნება, სახელმწიფომ აუნაზღაუროს ვალები. ეს იქნება შეუძლებელი, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ტვირთნაკადის მოძრაობაზე ანაკლიის პორტში, სწორედ მაგიტომ არის საჭირო კერძო ინვესტორი, რომ და აქ სახელმწიფო მონაწილეობა უნდა იყოს მინიმალური. შესაბამისად კერძო სექტორმა უნდა მოიზიდოს ის ტვირთი, რომელმაც უნდა ამუშავოს ეს პორტი. არ გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფომ გარკვეული ინვესტიციები დახარჯოს, გარდა იმისა, რომ რკინიგზის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა არის დაგეგმილი, თუმცა ტვირთის ბრუნვაზე გარანტიას სახელმწიფო არ აიღებს არასდროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლის პირველ ნახევარში იქნება მომზადებული პირობები, რომლითაც შემდეგ ახალი ინვესტორის გამოვლენა მოხდება,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა.

ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის $35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში.

2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადენს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება ამ პროექტზე ახალი ტენდერი.