მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიდემპინგური კანონის განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო - მიზეზებზე რომან კაკულია საუბრობს

5db82e2693096
ლიკა გურაბანიძე
29.10.19 16:20
752
„თუ ბიზნესის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აქ პოზიტივი უფრო მეტია, ვიდრე - რისკები, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ,“ - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კაკულია აღნიშნავს, ანტიდემპინგურ კანონზე იმპორტიორებს სხვა პოზიცია აქვთ, ხოლო მეწარმეებს - სხვა პოზიცია. მისივე თქმით, ანტიდემპინგური კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა კიდევ ერთი თვით გადაიდო. რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ეს არ არის კანონი, რომელიც დღეს სიტუაციას რადიკალურად შეცვლის.

„ანტიდემპინგურ კანონზე იმპორტიორებს სხვა პოზიცია აქვთ, მეწარმეებს - სხვა პოზიცია, მაგრამ ჩვენ ეს ქვეყანა, პირველ რიგში, მეწარმეებისთვის გვინდა, თუმცა რისკების დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი კანონმდებლობის შემთხვევაში, ჩვენ სამი კანონქვემდებარე აქტი გვაქვს, რომელზე წინასწარ თუ არ იქნა წარმოდგენილი თუ რას გულისხმობს, ასე ადამიანებს გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდებათ. კერძოდ, ეს სამი კანონქვემდებარე აქტია: წინასწარი მოკვლევის წესი, რომელიც კანონქვემდებარე აქტია, გადაწყვეტილების მიღების წესი როგორია და წინასწარი ტარიფის წესი როგორ განისაზღვრება.

როდესაც ამ სამ კანონქვემდებარე აქტზე საზოგადოებას და ბიზნესს წინასწარ ექნება წარმოდგენა, თუ რა ტიპის იქნება გადაწყვეტილებები, ეს ანტიდემპინგური კანონის მიღებას უფრო გაადვილებს. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რა ტიპის ფილტრები იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი ვინმემ ბოროტად არ გამოიყენოს. თუ ამ თემებზე შევთანხმდებით, ვფიქრობ, კანონს მხარდაჭერა ექნება. ეს არ არის კანონი, რომელიც დღეს სიტუაციას რადიკალურად შეცვლის, ამაზე დიდი მოთხოვნილება არ არსებობს, თუმცა პრევენციისთვისაც არ არის ცუდი. თუ ბიზნესის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აქ პოზიტივი უფრო მეტია, ვიდრე - რისკები, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ერთი თვით გადაიდო საკომიტეტო განხილვა და შესაძლოა, კიდევ გადავდო იმიტომ, რომ იმ სამი კანონქვემდებარე აქტზე, რომელიც ჩამოვთვალე, ვფიქრობ, ბიზნესს წარმოდგენა უნდა ჰქონდეს", - განაცხადა კაკულიამ.