მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილ-ივნისში სამაცივრე მეურნეობებმა 52.5 მლნ. ლარის პროდუქცია გაყიდეს - საქსტატი

611bc224ba100
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.21 21:00
1051
2021 წლის II კვარტალში საქართველოში 127 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის (49.6%) რეგიონშია განთავსებული.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის II კვარტლის ძირითადი შედეგების მიხედვით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის რეგიონში (13.4%), ქ. თბილისში (10.2%), ქვემო ქართლის (7.9%), აჭარის (7.1%), სამეგრელო-ზემო სვანეთის (5.5%), იმერეთის (3.9%), მცხეთა-მთიანეთის (1.6%) და გურიის (0.8%) რეგიონებში.

აღნიშნულ პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მომსახურება 299 პირმა მიიღო, ხოლო გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 254 ერთეული შეადგინა. რაც შეეხება სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობას, ამ რიცხვმა 1263 კაცით შეადგინა.

აღსანიშნია, რომ აპრილ-ივნისის განმავლობაში მაცივრებში 52.6 ათასი ტონა პროდუქცია იყო შენახული (განთავსებული), მათ შორის 52.7% ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 17.3% ხილი და ბოსტნეული, 13.7% ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 8.4% თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2021 წლის II კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 5.0 ათასი ტონა პროდუქცია. მომსახურების საფასურმა კი 5.9 მლნ ლარი შეადგინა.

2021 წლის II კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 52.5 მლნ. ლარის ღირებულების (10.4 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში იმპორტირებულმა პროდუქცია 28.0%, ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების პროდუქციამ კი 47.1% იყო. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 68.8% ქათმის ხორცზე მოდიოდა.
იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (38.4%), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (29.6%) და თევზეული (18.5%) წარმოადგენდა.

სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე თევზეული, ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში 50.0%-ს, მაისში - 52.1%-ს, ხოლო ივნისში - 50.9%-ს შეადგენდა.