მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ უნდა დაველოდოთ პანდემიის გადავლას, ქმედითი ნაბიჯები დღესვე უნდა გადაიდგას"

5ea0a989a3e6c
BM.GE
23.04.20 09:00
1936
"უმნიშვნელოვანესია, რომ უკვე დღეს დავიწყოთ საჭირო ნაბიჯების გადადგმა და არ დაველოდოთ პანდემიის გადავლას. როდესაც პიკური აღარ იქნება სიტუაცია, მაშინ უკვე სხვა, ცოტა უფრო გრძელვადიანი ნაბიჯები იქნება განსახორციელებელი", - ამის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივში "ანაკლია სითის" დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

ბოჭორიშვილის თქმით, დღეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა მუშახელის შენარჩუნება შეძლონ, დასაქმების შენარჩუნება უნდა მოხერხდეს მაშინაც კი, თუ კომპანიები არ მუშაობენ.

“დღეს ეკონომიკა გაჩერებულია, უნდა მოხერხდეს, რომ ეკონომიკაში კომპანიების ლიკვიდურობა ანუ თანხები შენარჩუნდეს - ეს არის აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც არათუ დღეს, აქამდეც უნდა განხორციელებულიყო”, - აცხადებს “ანაკლია სითის” დირექტორი.

ბოჭორიშვილის ვარაუდით, საქართველოში დანაზოგი შესაძლოა, მოსახლეობის 1%-ს ჰქონდეს, იმ ფონზე, როცა კომპანიები თანამშრომლებს სახლში უშვებენ. “საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობას მინიმალური საარსებო პირობა შეუნარჩუნდეს”, - აღნიშნავს ქეთევან ბოჭორიშვილი.

“ანაკლია სითის” დირექტორი #ქალებისნარატივში ამ ნაბიჯების გადასადგმელად საჭირო ინსტრუმენტებზეც საუბრობს.

“ეს შეიძლება იყოს კომპანიებისთვის გადასახადების გადავადება, რომ ამ თანხებით მათ მუშახელის ხელფასების დარიგება შეძლონ; მთავრობის მხრიდან ასევე შეიძლება ხელფასების თანადაფინანსება კერძო სექტორთან ერთად; შესაძლოა, 30% დასაქმებულს შეუმცირდეს ხელფასი, 30% კომპანიამ გადაიხადოს, 30% - მთავრობამ. რა თქმა უნდა, აქაც ზედა ჭერი უნდა იყოს დაწესებული, რადგან ამოუწურავი ბიუჯეტი საქართველოს არ გააჩნია. რაც მთავარია, არ უნდა მოხდეს მარტო მუშახელზე ამ წნეხის გადატეხა”, - აცხადებს ქეთევან ბოჭორიშვილი.

მისივე თქმით, ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტი არსებობს კომპანიებში ლიკვიდურობის შენარჩუნებისთვის და ეს მნიშვნელოვანია, რადგან პანდემიის გადავლის შემდეგ კომპანიებისთვის ყველაფრის თავიდან დაწყებას ბევრად უფრო დიდი რესურსი დასჭირდება.

რაც შეეხება პანდემიის პიკური სიტუაციის დასრულების პერიოდს, ქეთევან ბოჭორიშვილის აზრით, სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს თითოეული მოწყვლადი სექტორი და შესაბამისი ინსტრუმენტებით დაეხმაროს, რათა ამ ინდუსტრიებმა თავის გადარჩენა მოახერხონ.