მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის გვიწევს“ - "თბილისი ცენტრალი" შეზღუდვებზე

6086c47cbeb52
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.21 22:41
1143

საქართველოს მთავრობამ 3-დან 12 მაისის ჩათვლით დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდა, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მობილობის შემცირების მიზნებით ახსნა.

შეძლებს თუ არა ბიზნესი შეზღუდული მობილობის ფონზე ოპერირებას და რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება მათ საქმიანობაზე - ამ კითხვებით BM.GE-მ სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელსა და "თბილისი ცენტრალის" დირექტორს ლევან ყარალაშვილს მიმართა.

მისი თქმით, სავაჭრო ცენტრები მუშაობას უქმე დღეებშიც გააგრძელებენ, თუმცა მოლებში განთავსებული საცალო გაყიდვების ობიექტებს თანამშრომელთა ტრანსპორტირება საკუთარი ფინანსური რესურსით მოუწევთ. ლევან ყარალაშვილმა აღნიშნა, რომ კერძო სექტორს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვების, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების, დაწესების მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა ამ შემთხვევაში პოზიტიური მხოლოდ ის არის, რომ სავაჭრო ობიექტებს მუშაობა არ ეკრძალებათ.

„ბოლო პერიოდში გვიწევს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის. სავაჭრო ცენტრების ოპერირებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ძალიან უარყოფითი ფაქტორია, რადგან ეს სავაჭრო ცენტრებში მოქმედი ობიექტების ფინანსურ მაჩვენებლებზე აისახება. თანამშრომელთა ტრანსპორტირების ხარჯები თითოეული ობიექტის ხარჯებს გაზრდის, თუმცა ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში სავაჭრო ცენტრები სრულად არ დაიხურება და ჩვენ მომხმარებელთა მიღებას შევძლებთ, კარგია. საქმე იმაშია, რომ სავაჭრო ცენტრებმა ლოქდაუნების შედეგად 200 მლნ ლარის ზარალი მიიღეს და დატვირთვაც დაახლოებით 40%-ითაა შემცირებული. დატვირთვა ამ შემთხვევაშიც შემცირდება, თუმცა სრულად გაჩერებას ეს მდგომარეობა გვირჩევია“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.