25.სექტემბერი .2020 21:39

არჩილ ბაკურაძე: "კომენტარები, რომ სებ-მა მეტი რეზერვი უნდა გაყიდოს, ძალიან ზედაპირულია”

views 425
უკან

"ეს იმდენად მეცნიერული თემაა, რომ ეროვნულ ბანკზე უკეთესად არავინ იცის და არავის შეუძლია რეზერვების მართვა", - ასე უპასუხა  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გამგების თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძემ, BM.GE-ის კითხვას, რომელიც ლარის გაუფასურების პირობებში ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების გაყიდვის მოცულობას შეეხებოდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში შექმნილი ზედმეტი აჟიოტაჟი ასუსტებს ლარს, შესაბამისად სიმშვიდის შენარჩუნებას ამჯობინებს.

„კომენტარები, რომ ეროვნულმა ბანკმა უფრო მეტი რეზერვი უნდა გაყიდოს ვალუტის კურსის დასტაბილურებისთვის, ძალიან ზედაპირულად მიმაჩნია. მე ნაკლებ აჟიოტაჟს შევქმნიდი და მივენდობოდი სებ-ს, რადგან ის თავის საქმეს ძალიან კარგად და სწორად აკეთებს. რაც უფრო ნაკლები აჟიოტაჟი იქნება მით უფრო სწრაფად დაუბრუნდება ლარი თავის ბუნებრიობას. არის მოსაზრება, რომ ლარი იმაზე გაუფასურებულია, ვიდრე უნდა იყოს და ეს აჟიოტაჟის შედეგია", – განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.

მისივე თქმით, კურსის გაუფასურება და შემდეგ გამყარდება, ბუნებრივი მოვლენაა.

"გასაგებია რომ არის ხალხის ნაწილი, რომლებსაც სესხები დოლარში აქვთ, სამწუხაროა, მაგრამ მაგიტომაც ახდენს სებ-ი ინტერვენციებს, რომ მომხმარებელმა ნაკლებად იგრძნოს ეს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უნდა ვენდოთ სისტემას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა. პანიკა და აჟიოტაჟი არ ღირს ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.

ცნობისთვის, 25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.35 თეთრით გაუფასურდა შედეგად ერთი დოლარის ღირებულებამ 3.3332 ლარს მიაღწია. 

ჯამურად ლარი სექტემბერში დოლართან მიმართებით 6.6%-ით გაუფასურდა.