მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არის ალბათობა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა ერთჯერადი ფაქტორებით იყოს გამოწვეული”- პაპავა

62d95fe059ac5
ანუკა ჯოხაძე
21.07.22 23:20
1052

მიმდინარე კვირაში ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკის გადახურების რისკს ვერ ხედავს. ფინანსთა მინისტრის პოზიციას გარკვეულწილად იზიარებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელიც აცხადებს, რომ დღეს ეკონომიკის გადახურების რისკებზე საუბარი არარელევანტურია.

მისი თქმით, ამჟამად ქვეყანაში არსებული 11.2%-იანი ეკონომიკური ზრდა ძირითადად გაზრდილი მოთხოვნით, ტურიზმის აღდგენით და ფულადი გზავნილებით არის განპირობებული.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა თვლის, რომ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული, თუმცა პაპავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეკონომიკის გადახურების რისკებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

“ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მაღალია, მაგრამ უმუშევრობის დონე ქვეყანაში კვლავ საკმაოდ მაღალია. ხელფასები არ არის კარდინალურად გაზრდილი და მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ის ერთჯერად ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული.

ეს არ არის დაკავშირებული საყოველთაო გამდიდრებასთან. ვფიქრობ, რომ ეკონომიკის გადახურების რისკზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ღმერთმა ქნას, რომ შევძლოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება წლების განმავლობაში", - აცხადებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა.

ცნობისთვის, 2022 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 5 თვეში კი ზრდამ 11.2% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, მაღალი ტემპით იზრდება კერძო სექტორის ბრუნვა, რამაც მაისში 10,2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტია.