მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასეთი კანონმდებლობა ქვეყანაში უნდა არსებობდეს – ლექვინაძე ანტიდემპინგურ კანონპროექტზე

5ede90236a432
თამთა ჯიჯავაძე
08.06.20 23:39
1048
ვფიქრობ, რომ ასეთი კანონმდებლობა ქვეყანაში უნდა არსებობდეს, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ აღნიშნული კანონმდებლობის დამტკიცება წლის ბოლომდე მოხერხდება, მისი ამოქმედება იწყება 2021 წლის 6 თვის შემდეგ და პირველი 6 თვე გვაქვს მოსამზადებლად. 

„ეს პერიოდი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება, კადრების შერჩევა, მათი გადამზადება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ დონორების იმედი გვაქვს ამ ნაწილში და პარტნიორების, ვისაც გააჩნია გამოცდილება ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ 6-თვიანი პერიოდი იქნება საკმარისი იმისათვის, რომ შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და მომზადდეს შესაბამისი კადრები“, – განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, მარტში მათ ჰქონდათ შეხვედრა დონორებთან, რომლებთანაც ეს საკითხიც განიხილეს, – „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არის სტრუქტურა, სადაც არსებობს გამოცდილება ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებთან მიმართებით და ჩვენ მათი დახმარების იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, რომელიც ინიციატორია ამ კანონმდებლობის“, – დასძინა მან.

ხოლო კითხვაზე, რა ტიპის სამართლებრივი დაცვის საშუალებები არსებობს იმისათვის, რომ არ მოხდეს რომელიმე ბიზნესის ლობირება და ბოროტად არ იქნეს კანონი გამოყენებული, ლექვინაძემ უპასუხა, რომ კანონმდებლობის მომზადებაში ჩართული იყვნენ ევროკავშირის პროექტით ჩამოყვანილი ექსპერტები, რომლებიც კონკურენციის სააგენტოსთან ერთად მუშაობდნენ და მათ საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება მოიყვანეს იმისათვის, რომ აღნიშნული კანონმდებლობა ყოფილიყო დაბალანსებული.

„ზოგადად, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა უნდა იყოს დაბალანსებული და ის მთლიანობაში უნდა ატარებდეს ორმხრივ ინტერესს. ანტიდემპინგურ კანონმდებლობას განხილვის საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, მათ შორის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, როგორც ბიზნესთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან, სამთავრობო უწყებებთან თუ ყველა მასთან დაკავშირებულ მხარესთან.

ვფიქრობ, რომ აღნიშნულ კანონმდებლობაში ის ფორმულირება, რომელიც გულისხმობს პირობითად ადგილობრივი ინდუსტრიების მხრიდან კონკრეტული პრობლემის არსებობის შემთხვევაში განაცხადით მომართვას კონკურენციის სააგენტოსთვის, არის გამართული. ის გულისხმობს იმ შემთხვევაში მომართვას, თუ ადგილობრივ ინდუსტრიაში მოთამაშეების 50%-ზე მეტი სვამს აღნიშნულ პრობლემატიკას და მათი მთლიანობაში წილი არ არის ნაკლები 25%-ზე, ამის შემდეგ სააგენტო განიხილავს აღნიშნული საჩივრის დასაშვებობის საკითხს და თუ იქნა მიჩნეული რომ შემდგომი კვლევა არის საჭირო, ამზადებს შესაბამის დოკუმენტს და მიმართავს მთავრობას რეკომენდაციით. საბოლოოდ მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას გამოიყენოს მაკომპენსირებელი ტარიფები თუ რა ღონისძიება გაატაროს იმისთვის, რომელიც რა თქმა უნდა, შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო შეთანხმებებთან თუ პრინციპებთან“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.