მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ახალი საბაჟო ტარიფი ფრანგულ ღვინოს საფრთხეს უქმნის - უცხოური მედია

5d9afa026cdf9
მიხეილ ხაჩიძე
07.10.19 22:30
905
აშშ-ის მიერ ახალი საბაჟო გადასახადების დაწესება ევროპულ პროდუქციაზე დამანგრეველ ეფექტს მოახდენს , - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს და აქცენტს ფრანგულ ღვინოზე აკეთებს.


როგორც გამოცემა წერს, ამერიკული ბაზარი ფრანგი მეღვინეებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. 2018 წელს საფრანგეთმა ღვინის 20% ექსპორტზე სწორედ შტატებში გაიტანა.


როგორც ევროპელი ექსპერტები აცხადებენ, შტატების საბაჟო გადასახადები ევროპული პროდუქციისთვის, ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკაზე სერიოზულ ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

საქმე იმაშია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ტერიტორიაზე დამზადებულ თვითმფრინავებს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს - ყავას, ყველს, ღვინოს, ვისკის, ზეითუნის ზეთს, ხელსაწყოებს, კამერის ლინზებსა და სხვა ათობით დასახელების პროდუქტს 18 ოქტომბრიდან ახალ საბაჟო ტარიფს დაუწესებს. 

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიის მიერ (WTO) ჟენევაში მიღებული გადაწყვეტილებით, ვაშინგტონს უფლება მიეცა, ევროპიდან იმპორტირებულ 7.5 მილიარდი აშშ დოლარის პროდუქტებზე დააწესოს ტარიფი. WTO-მ განიხილა ის საჩივარიც, რაც აშშ-მა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ Airbus-ისთვის სუბსიდიების გაცემას უკავშირდებოდა. აშშ მსგავს პრაქტიკას თავისუფალი კონკურენციის შემზღუდველად აფასებდა, რაც ბაზარზე ამერიკული მწარმოებლის - Boeing-ის პოზიციების შესუსტებას იწვევდა.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა WTO- ს გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა, ეს "ლამაზი გამარჯვებაა".

"ევროკავშირი მრავალი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებს ტარიფებისა და სავაჭრო ბარიერების დახმარებით "ძალიან ცუდად" ექცეოდა’’, - დაწერა "ტვიტერზე" ტრამპმა.

"მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გაცილებით უკეთესადაა განწყობილი შტატების მიმართ, მას შემდეგ, რაც მე პრეზიდენტი გავხდი", - დასძინა მან.