2022 წელს ქვეყანამ 45.6 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო აწარმოა, რაც გლობალური წარმოების 17.65%-ია. ამ მაჩვენებლით საფრანგეთი მსოფლიოში მეორე უმსხვილესი მწარმოებელია და მხოლოდ იტალიას ჩამორჩება. თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, იტალიაში ღვინის წარმოება წელს 12%-ით, 4.4 მილიარდ ლიტრამდე შემცირდება, უამინდობისა და სოკოვანი დაავადებების გამო, რამაც ვენახები მნიშვნელოვნად დააზარალა. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანა ღვინის უმსხვილესი მწარმოებლის სტატუსს დაკარგავს და პირველად 9 წლის განმავლობაში მის ადგილს საფრანგეთი დაიკავებს.
დღეს საფრანგეთის ღვინის ბაზარი დაახლოებით 15,6 მილიარდს ევროს აღემატება. რაც შეეხება ექსპორტს, გასული წლის მონაცემებით საფრანგეთმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ 13 მილიარდი დოლარის ღვინო გაყიდა და ამ მაჩვენებლით ღვინის ექსპორტიორებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
მართალია, საფრანგეთში ღვინის წარმოების მასშტაბი რიცხვებში შთამბეჭდავი სანახავია, თუმცა, ამ რიცხვებს მიღმა, როგორც უცხოური მედია იუწყება, თავი ერთმა პრობლემამაც იჩინა. ქვეყანაში ღვინის ჭარბი მარაგი გაჩნდა. ჭარბი წარმოება და ცხოვრების ღირებულების კრიზისი ღვინის ინდუსტრიაზე უარყოფითად მოქმედებს, რასაც კრაფტ-ლუდის პოპულარობის ზრდის პარალელურად ღვინოზე მოთხოვნის კლება ემატება. დღეის მდგომარეობით, საფრანგეთში ჭარბი ღვინის მოცულობა 3 მილიონ ჰექტოლიტრს შეადგენს, რაც დაახლოებით 400 მილიონი ბოთლია.
ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, საფრანგეთის მთავრობამ ასეთი გეგმა შეიმუშავა: ღვინის დარჩენილი მარაგის განადგურებისა და მწარმოებლების მხარდასაჭერად მთავრობა €200 მილიონს გამოყოფს. საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი დარჩენილი მარაგის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო ალკოჰოლი ისეთი პროდუქციის დასამზადებლად იქნება გაყიდული, როგორიცაა ხელის სადეზინფექციო საშუალებები, საწმენდი საშუალებები და სუნამოები.
ჭარბი წარმოების შემცირების მიზნით კი, მევენახეებისთვის თანხა სხვა პროდუქციის, მაგალითად ზეთისხილის მოყვანაზე გადასვლისთვის იქნება შეთავაზებული.
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მარკ ფესნოს განცხადებით, მთავრობას ფასების კოლაფსის შეჩერება და მეღვინეებისთვის შემოსავლის ახალი წყაროს შექმნა სურს. ფესნოს თქმით, ფინანსური დახმარებების გარდა, ღვინის ინდუსტრიას, მომხმარებელთა მოთხოვნების ცვლილებების შესაბამისად ადაპტაცია სჭირდება.
ამ ყველაფერთან ერთად, გეტყვით იმასაც რომ ღვინის ინდუსტრიისთვის ევროკავშირის საწყისი ფონდი €160 მილიონი იყო, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ €200 მილიონამდე გაზარდა. ევროკომისიის თანახმად, ივნისის წლიური მონაცემებით, ღვინის მოხმარება იტალიაში 7%-ით, ესპანეთში 10%-ით, საფრანგეთში 15%-ით, გერმანიაში 22%-ით, ხოლო პორტუგალიაში 34%-ით იყო შემცირებული. მაშინ, როდესაც, იმავე პერიოდში ევროკავშირის წევრმა ღვინის უმსხვილესმა მწარმოებლებმა ამ ალკოჰოლური სასმლის წარმოება საშუალოდ 4%-ით გაზარდეს.