ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ევროკავშირის მასშტაბით ღვინის წარმოება, საშუალოდ, 7%-ით შემცირდა და 15 მილიარდი ლიტრი შეადგინა. მიზეზად არასახარბიელო კლიმატური პირობები სახელდება, რამაც ყურძნის მოსავალი შეამცირა. ევროკავშირში გასული წლის ღვინის წარმოება 8%-ით ჩამორჩება გასული 5 წლის საშუალო მაჩვენებელსაც.
ანგარიშის თანახმად, ღვინის გლობალურ წარმოებაში, ევროკავშირის კონტრიბუცია 61%-ია.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ორგანიზაციის ანგარიში წინასწარ შედეგებს ითვლის. მომდევნო თვეების განმავლობაში მიღებული შედეგების დადასტურების შემთხვევაში, გასული წელი, მიმდინარე საუკუნეში, დაბალი წარმადობით გამორჩეული რიგით მესამე წელი იქნება 2017-სა და 2018-თან ერთად.
OIV-ის ინფორმაციით, 2023 წელს ყველაზე მეტი, 4.5 მილიარდი ლიტრი, ღვინო საფრანგეთმა აწარმოვა, რაც 3%-ით აღემატება ქვეყნის 5-წლიან საშუალოს. საფრანგეთში მოსული ყურძნის მოსავალი კი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაზრდილია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი რეგიონისთვის გასული წელი მწვავე გვალვითა და თბური ტალღებით იყო გამორჩეული. წარმოების დონით გამოირჩევა კონიაკის, კორსიკისა და შამპანის რეგიონები.
თუმცა 2023 რთული წელი იყო ევროპული ღვინის ორი უმსხვილესი მწარმოებლისთვის - იტალიისა და ესპანეთისთვის. იტალიაში წარმოებული ღვინის მოცულობა წლიურ ჭრილში 12%-ით, 4.3 მლრდ ლიტრამდე შემცირდა. ამის მიზეზად უხვი ნალექი სახელდება, რომლის გამოც ვაზს ჭრაქი გაუჩნდა. ზოგიერთ რეგიონში ასევე დაისეტყვა და დაიტბორა ვენახები. რაც შეეხება ესპანეთს, აქ ღვინის წარმოება 14%-ით, 3.07 მლრდ ლიტრამდე შემცირდა, რაც, 5-წლიან საშუალოსთან შედარებით, 19%-ით ნაკლებია.
ევროპის სხვა ქვეყნებში, რომლებიც ღვინის წარმოებით გამოირჩევიან: გერმანიაში, პორტუგალიაში, რუმინეთში, უნგრეთში, ბულგარეთსა და სლოვენიაში - გასულ წელს ღვინის წარმოება, წლიურ ჭრილში, გაიზარდა.
ამავე დროს, ღვინის წარმოება 12%-ით, 2.5 მლრდ ლიტრამდე გაიზარდა აშშ-შიც, რასაც ქვეყნის ხელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა შეუწყო წელი.
9%-ით, 490 მილიონ ლიტრამდე გაიზარდა ღვინის წარმოება რუსეთშიც. ჩინეთის მონაცემები კი ჯერ ცნობილი არ არის.