ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მოკვლევის თანახმად, 2023 წელს ღვინის წარმოება, გასული 60 წლის მანძილზე, ყველაზე მეტად შემცირდა - მიზეზი კი სამხრეთ ნახევარსფეროს და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მოუსავლიანობაა.
ორგანიზაციამ კვლევა იმ 29 ქვეყანაში ჩაატარა, რომლებზეც სრული გლობალური წარმოების 94% მოდის. კვლევის თანახმად, 2023 წელს მსოფლიოში, საშუალოდ, 244.1 მილიონი ჰექტოლიტრი (24 მილიარდი ლიტრი) ღვინო დაიწურა, რაც წლიურ ჭრილში 7%-იანი შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელი, ღვინის წარმოებით, ისედაც ჩამორჩებოდა საშუალო მაჩვენებლებს.
OIV-ის პროგნოზით, 2023 წელს წარმოებული ღვინის მოცულობა 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი იქნება და ანტირეკორდულ 2017 წელსაც ჩაანაცვლებს, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით წარმოებული ღვინის მოცულობამ 248 მილიონი ჰექტროლიტრი შეადგინა - ასეთი ნეგატიური პროგნოზი ღვინის მწარმოებელ მთავარ ქვეყნებში არასახარბიელო კლიმატური პირობებისა და ცუდი მოსავლის დამსახურებაა. ავსტრალიაში, არგენტინაში, ჩილეში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიაში, იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში ღვინის წარმოება გასულ წელს 10%-დან 30%-მდე შემცირდა. წარმადობა გაზარდეს მხოლოდ აშშ-მ, გერმანიამ, პორტუგალიამ და რუმინეთმა - ქვეყნებმა, სადაც კლიმატური პირობები გაცილებით უკეთესი იყო.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ ამინდის ექსტრემალურმა პირობებმა, როგორებიცაა: ნაადრევი ყინვა, უხვი ნალექი და გვალვა - ყურძნის მოსავალი მნიშვნელოვნად შეამცირა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ გლობალურად ღვინის მოხმარებასაც, რომელიც 2017-2022 წლებში, საშუალოდ, 6%-ით შემცირდა, სავარაუდოდ, ბაზარი წონასწორობის მდგომარეობაში დარჩება.
ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციამ ღვინის წარმოება საქართველოშიც გამოიკვლია. ანგარიშის თანახმად, საქართველომ 2023 წელს, 2022-თან შედარებით, 28%-ით ნაკლები, 1.5 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო აწარმოვა. აღნიშნული მაჩვენებელი 19%-ით ნაკლებია, ვიდრე ჩვენი 5-წლიანი საშუალო. ორგანიზაცია ღვინის წარმადობის შემცირების მიზეზად არახელსაყრელ ამინდს, ძლიერ წვიმას, სეტყვასა და ქარს ასახელებს, რომელმაც “განსაკუთრებულად დააზარალა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონი”.