მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროა - The Financial Times

5dc53d1e2aaf5
მიხეილ ხაჩიძე
08.11.19 15:25
1993
"აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროა", – ამ სათაურით სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Financial Times აქვეყნებს. სტატიის ავტორი ჯეიმს ბაქუსი ვაშინგტონს მოუწოდებს, შავი ზღვისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის მხარდაჭერა გააძლიეროს.

"სირიიდან მოულოდნელი და არა შორსმჭვრეტელური სამხედრო უკან დახევის გამო, ყოველდღიურად იზრდება ეჭვი იმის შესახებ, არის თუ არა მზად აშშ, დადგეს იმ სახელმწიფოების გვერდით, ვინც მხარს უჭერდა ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთსა და მიმდებარე რეგიონებში. კრიტიკულ გზაჯვარედინზე საჭიროა გაძლიერდეს ჩვენი კავშირები შავი ზღვისა და არაბეთის ყურეს შორის მდებარე სახელმწიფოებთან. ერთი ასეთი ქვეყანაა საქართველო. რეგიონში ამერიკული წარმომადგენლობის პოზიტიური გავლენის გასაძლიერებლად, ერთი გზა იქნება აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება", - აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორის თქმით, სტრატეგიულად, კომერციულად და, მორალურადაც არის საფუძველი იმისა, რომ
საქართველოში ხშირად გამოხატულ სურვილს, თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, შტატებმა დადებითად უპასუხოს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს არა მხოლოდ გაამყარებს ვაშინგტონის კავშირებს საქართველოსთან, არამედ დაამშვიდებს რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ მიუხედავად ბოლოდროინდელი მოვლენებისა, აშშ იმ ავტორიტარული რეჟიმების ალტერნატივას წარმოადგენს, რომლებიც მათ გარშემო არსებობენ და საფრთხეს უქმნიან.
 
"სტრატეგიულად, საქართველო ძალიან რთულადაა მოთავსებული აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უხილავი საზღვრის გასწვრივ. დასავლეთით ევროკავშირი, ჩრდილოეთით - რუსეთი, თურქეთი და ირანი სამხრეთით, ხოლო აღმოსავლეთით – ჩინეთი. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართველები თავისუფლების ძებნაში ევროკავშირისა და აშშ–სკენ მიისწრაფიან", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ავტორი აქცენტს რუსულ ოკუპაციაზეც აკეთებს. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს 2008 წელს რუსეთის შეიარაღებულმა შეჭრამ ორი რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დააკარგვინა, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან და საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ.

"რუსეთის ინტერვენცია დღემდე გრძელდება. ანალოგიურად, თურქები და ირანელები, რომლებიც საკმაოდ ჯიუტები არიან, არცთუ ისე შორს არიან საქართველოსგან. ყველა ამ საფრთხის ფონზე, საქართველოსა და აშშ-ს ხელშეკრულების გაფორმება მძლავრ სიგნალს მისცემს, რომ ამერიკა მზად არის, გააფართოვოს თავისი კვალი ამ მნიშვნელოვან რეგიონში", - დასძენს ავტორი.
 
როგორც ავტორი წერს, კომერციულად, საქართველოში არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რამაც შესაძლოა, შეერთებული შტატების ბიზნესს დიდი სარგებელი მოუტანოს.

"საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და WTO–ს წესების ფარგლებში, ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ გაეხსნა ეკონომიკის კარი და მსოფლიოში ინტეგრირება მოეხდინა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო თანდათანობით დაწინაურდა Heritage Foundation-ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებულ ეკონომიკურ ინდექსში და 124-დან მე–16 ადგილზე გადაინაცვლა, რაც ყველაზე დიდი ნახტომია, რომელიც ოდემსე რომელიმე ქვეყანას ჰქონია. თავისი კომუნისტური წარსულის ეკონომიკური ინერტულობიდან გამომდინარე, საქართველო ამ რეიტინგებში აღარ არის აღწერილი, როგორც "ეკონომიკურად რეპრესირებული", არამედ დახასიათებულია როგორც "ეკონომიკურად თავისუფალი", - ნათქვამია სტატიაში.

გარდა ამისა, The Financial Times წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, გეოპოლიტიკური გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა გონივრულად ძლიერი იყო.

"2017 და 2018 წლებში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ყველაზე სწრაფი იყო რეგიონში, წელიწადში 4.8 პროცენტით... ამავე დროს, რაც მთავარია, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი ბოლო ათ წელიწადში 39–დან 22%-მდე შემცირდა", - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორის თქმით, საქართველო აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულების წინაპირობად დაასახელა.

"2018 წელს, წინა კონგრესის დროს, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს და აშშ-ს მოუწოდებდა, გადადგმულიყო ნაბიჯები თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყებისკენ. ეს კანონმდებლობა ახლა უნდა მიიღოს სენატმა მიმდინარე კონგრესში, რის შემდეგაც მას ხელს მოაწერს პრეზიდენტი", - აღნიშნავს ავტორი.