18.მაისი .2022 13:12

აშშ ვენესუელის ენერგეტიკული სექტორისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გეგმავს

აშშ ვენესუელის ენერგეტიკული სექტორისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გეგმავს
views 749
უკან

აშშ-ის მთავრობა ვენესუელის ენერგეტიკული სექტორისთვის, კერძოდ, ნავთობ-ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციების ნაწილის გაუქმებას და შემზღუდავი მექანიზმების შემსუბუქებას გეგმავს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიებს ვენესუელაში მოპოვებული ნედლი ნავთობის ევროპის ბაზარზე გატანის საშუალება მიეცემათ, ხოლო უმსხვილეს ამერიკულ ენერგოკომპანია Chevron-ს მიეცემა ვენესუელურ სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-სთან მოლაპარაკების წარმოების და პოტენციური ბიზნესშეთანხმების მიღწევის უფლება.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, უახლოეს მომავალში აშშ არ გეგმავს ვენესუელის მთავრობასთან აქტიურ თანამშრომლობას და დაწესებული სანქციების სრულად გაუქმებას, თუმცა ზემოხსენებული გადაწყვეტილებით შედარებით გამარტივდება ენერგოკომპანიებს შორის თანამშრომლობის მიღწევა.

ამჟამად მოქმედი სანქციების რეჟიმით ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ ვენესუელაში ნავთობის მოპოვება, ენერგორესურსებით ვაჭრობა და ვენესუელაში მოპოვებული ნედლი ნავთობის ექსპორტზე გატანა.

ექსპერტების შეფასებით, თეთრი სახლის მიერ Chevron-სა და PDVSA-ს შორის მოლაპარაკებების წარმოების უფლების მიცემა იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-მა, შესაძლოა, ვენესუელის ენერგორესურსები ევროპის დასახმარებლად და საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების გასაზრდელად გამოიყენოს.