18.აპრილი .2022 11:37

ეკონომიკის სამინისტროს 7 წელია შენობა არ აქვს, სირცხვილია... ორთაჭალაში ახალს ავაშენებთ - პრემიერი

ეკონომიკის სამინისტროს 7 წელია შენობა არ აქვს, სირცხვილია... ორთაჭალაში ახალს ავაშენებთ - პრემიერი
views 1098
უკან

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობა აშენდება- შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რომელიც მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა. მისი თქმით, 7 წელია უწყებას საკუთარი შენობა არ აქვს. ღარიბაშვილის ინფორმაციით, ახალი ობიექტი ორთაჭალაში განთავსდება. როდის დაიწყება პროექტი და რა ოდენობის თანხა იქნება ამისთვის საჭირო, პრემიერს არ დაუზუსტებია.

“ეკონომიკის სამინისტროს 7 წელია საკუთარი შენობა არ აქვს, რაც რათქმაუნდა სირცხვილია. ამ თემაზე ვისაუბრეთ ბატონ ლევანთან (დავითაშვილთან) და გადავწყვიტეთ. გვაქვს უნიკალური ადგილი ორთაჭალაში, იქ აშენდება ეკონომიკის სამინისტრო, სადაც ყველა თავისი სსიპ-ით განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შენობაში”,- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას, რომლის “მდგრადობა დიდი გამოწვევაა”. ღარიბაშვილის თქმით, პროექტი მიმდინარე წელსვე განხორციელდება.

შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობა, რომელიც ჭანტურიას ქუჩაზე მდებარეობდა, 2015 წელს 9,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. შემძენი “ჰუალინგ ჯგუფი” იყო, რომელსაც ადგილზე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, თუმცა ინვესტორისთვის ვალდებულებების გადავადება არაერთხელ მოხდა. ბოლო ინფორმაციით, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში მშენებლობა მიმდინარეობს და დასრულდება 2023 წლის აგვისტოში.

შენობის პრივატიზაციის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე იყო განთავსებული.