მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Atom Kids 15 ახალ ექსპერიმენტს გამოუშვებს

6118d01221c4f
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.21 23:50
1385
ბავშვებისთვის ექსპერიმენტული ნაკრების მწარმოებელი ქართული კომპანია Atom Kids-ი პროდუქციას ამრავალფეროვნებს და დღეს არსებულ 9 სახის ექსპერიმენტთან ერთად, უახლოეს მომავალში ბავშვებს კიდევ 15 ექსპერიმენტს შესთავაზებს.

Atom Kids-ი 2018 წლიდან ახალგაზრდა მეცნიერების მიერ, როგორც ინოვაციური start-up კომპანია დაფუძნდა. შესაბამისად, ის აქტიურად იკვლევს და ავითარებს სამეცნიერო, სახალისო ექსპერიმენტებს ბავშვებისთვის. ვულკანები, მფრინავი ბუშტები, მხიარული ქაფი, დნმ - ამ და სხვა ექსპერიმენტებით კომპანიის მთავარი ამოცანა ბავშვებისთვის მეცნიერების აკადემიური ჩარჩოების გარეთ ჩვენება და რეალური ექსპერიმენტული თამაშებით სამყაროსადმი შემეცნების სურვილის გაღვივებაა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნინო ბარამიძე BM.GE-სთან აცხადებს, Atom Kids განვითარებას ახერხებს წლის დასაწყისში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 100 000 ლარიანი გრანტის საშუალებით. პროდუქციის სახეობების ზრდასთან ერთად ამ ფინანსური რესურსით Atom Kids-ი დღეს მოქმედ ვებგვერდს მეტად განავითარებს და დახვეწს.

„პროექტის ფარგლებში 15 ახალი ექსპერიმენტი იქმნება, რომელიც ბაზარზე ეტაპობრივად გამოჩნდება. საქმე ისაა, რომ ექსპერიმენტების გაყიდვაში ჩაშვებამდე, ჩვენი პროდუქტი ძალიან დიდ გამოცდებსა და დაკვირვებას გადის, რათა უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი მომხმარებლისთვის შეთავაზება. სექტემბერში კიდევ 3 ახალი ექსპერიმენტი გამოვა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ერთ-ერთი ექსპერიმენტი „ჰიგიენის ლაბორატორია“ იქნება, რომელიც პანდემიის პირობებში ბავშვებს ასწავლის რა არის ბაქტერია, რატომ ვიყენებთ პირბადეს და ა.შ.“, - განმარტავს Atom Kids-ის დამფუძნებელი.



Atom Kids-ი დღეისთვის თვეში 4 500-მდე ექსპერიმენტს აწარმოებს, რომელიც კომპანიის ონლაინ არხების, გლოვოზე და მაღაზიებში წიგნის სახლში, ვუნდერ კინდში, ლიბრაში, ცეროდენასა და სამალავში იყიდება.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ ექსპერიმენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო და ყველა ბავშვი გამხდარიყო მეცნიერი. აქედან გამომდინარე ფასები 24-დან 49 ლარამდეა“ - აღნიშნა ნინო ბარამიძემ.

Atom Kids-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ GITA-ს 100 000-ლარიანი გრანტის ნაწილი, ვებგვერდის სრულყოფისთვის მიიმართება. „ეს ჩვენს ონლაინ პლატფორმას კიდევ უფრო სწრაფსა და ჩვენს მოთხოვნებზე მორგებულს გახდის“

ცნობისთვის: კომპანია Atom Kids-ის ნატახტარში მოქმედ საწარმოში დღეისთვის წილკანში მცხოვრები, აგვისტოს ომისგან დაზარალებული 15-მდე ქალია დასაქმებული. მისი განვითარებისთვის წლების განმავლობაში ეტაპობრივად, ჯამში 500 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო.