სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროექტი განხორციელდება, რომელიც სტარტაპების ინკუბაციის 12-თვიან პროგრამას მოიცავს. ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.
ყოველწლიურად ინკუბაციაში 160 სტარტაპი ჩაერთვება. პროგრამის 3 ეტაპი დეტალურად ასე გამოიყურება:
- Founder Market Fit - პროგრამის პირველ ეტაპზე შეირჩევა 40 სტარტაპი და ორი თვის განმავლობაში დამფუძნებლები გაივლიან აქტიურ ქოუჩინგს და მენტორინგს.
- MVP - ეტაპი მოიცავს ოთხთვიან მენტორიგს მინიმალური ღირებულების პროდუქციის შექმნის, ბაზარზე ტესტირებისა და კლინტებთან ურთიერთობის დამყარების პროცესში და ასევე 50,000 ლარის ოდენობის გრანტს MVP-ს შექმნისთვის საჭირო ხარჯების გასაწევად. აღნიშნულ ეტაპზე გადავა 20-მდე სტარტაპი.
- Market Entry - ეტაპი მოიცავს ექვსთვიან მენტორინგს ე.წ. Traction-ის მისაღწევად და გრანტს 150,000 ლარის ოდენობით.
ინკუბაციის პროგრამას 4 საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ინკუბატორი განახორციელებს, რომლებსაც GITA შეარჩევს.
როგორც დღევანდელ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ასევე დამატებით განისაზღვრება მცირე და საშუალო ინოვაციური კომპანიის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს შეეძლებათ თავიანთი R&D დანახარჯები 500%-ით გამოქვითონ მოგების დასაბეგრი ბაზიდან და R&D დანახარჯების 30% დაიბრუნონ გრანტის სახით. ასევე კომპანიები, რომლებიც R&D საქმიანობას ეწევიან, გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებთან და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდებათ 5%-მდე.
ამასთან, საქართველოს 3 ძირითად ტექნოლოგიურ მიმართულებად ხელოვნური ინტელექტი (AI), ფაგები და აგროტექნოლოგიები განისაზღვრა.
რაც შეეხება სააგენტოს საქმიანობის შედეგებს, თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი სტარტაპი, საგრანტო დაფინანსებამ კი 38 მილიონი ლარი შეადგინა.