მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის დასკვნა ინფრასტრუქტის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშზე უარყოფითია - აღმოჩენილი ხარვეზები

5fca7485efb94
BM.GE
04.12.20 21:39
1240
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის ფინანსური ანგარიში შეისწავლა და მასში არსებული მრავალმილიონიანი აცდენებისა და უზუსტობების გამო სამინისტროს ფინანსურ ანგარიშზე უარყოფითი დასკვნა გასცა. უწყება მიუთითებს, რომ წარდგენილი ანგარიშები არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მომზადებისა და წარდგენის სტანდარტებს. 

აუდიტის სამსახურის ანგარიში ეხება როგორც უშუალოდ სამინისტროს, ასევე მის დაქვემდებარებულ სსიპებს თუ სახელმწიფო შპს-ებს. 

აუდიტის სამსახური ფინანსური ანგარიშის ნაკლოვანებებად მიიჩნევს:

“საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების მუხლში 2018 წლის 31 დეკემბრისა და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს შესაბამისად, 894,828,059 ლარის და 1,297,832,158 ლარის აქტივები. აღნიშნულ მუხლზე აკუმულირებული აქტივები წარმოადგენენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შექმნილ ისეთ ინფრასტრუქტურულ ძირითად საშუალებებს როგორიცაა გზები, ხიდები, გვირაბები. აქტივების შექმნის პროცესში, დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში ფინანსური მენეჯერის ფუნქციას ასრულებს სსიპ - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი, კერძოდ, ცენტრი აღრიცხავს დონორებისგან ჩარიცხულ ფულად სახსრებს და მიღებული თანხით უზრუნველყოფს მშენებელ კომპანიებთან ანგარიშსწორებას. ყოველი საანგარიშგებო წლის ბოლოს პროექტების ფარგლებში გადახდილ თანხებს, საკასო (ფაქტობრივი) შესრულების მოცულობით, ცენტრი გადასცემს გზების დეპარტამენტს, როგორც ფინანსურ აქტივს. რომელიც თავის მხრივ, აქტივს უცვლის კლასიფიკაციას და აღრიცხავს დაუმთავრებელი აქტივების მუხლში. პროექტების საბოლოო მიღება-ჩაბარების წარმოდგენის შემდეგ დაუმთავრებელი აქტივის მუხლიდან შესაბამისი თანხები გადადის დასრულებული ძირითადი საშუალებების ანგარიშზე. 

აღსანიშნავია, რომ გზების დეპარტამენტი არ აწარმოებს ზემოაღნიშნულ მუხლში შემავალი გზების, ხიდებისა და გვირაბების რეესტრს. ევრაზიის ცენტრისგან მიღებული საკასო შესრულების მოცულობა საბუღალტრო პროგრამაში გატარებულია ჯამურად. შესაბამისად, გართულებულია ანგარიშზე აკუმულირებული თანხების პროექტების მიხედვით იდენტიფიცირება, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს დეპარტამენტის მხრიდან მათზე კონტროლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, რთულია დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზე ასახული თანხების შესაბამისი დოკუმენტების მოძიება. შესაბამისად, ვერ გამოთქვამთ მოსაზრებას აღნიშნული მუხლის სისწორეზე. 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დეპარტამენტის „ძირითადი აქტივების“ მუხლში აღრიცხულია 2,496,000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი 800 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა (თანმდევი მოწყობილობებით), რომლებიც 2018 წელს იქნა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადასაცემად. გადაცემა დღემდე არ განხორციელებულა, თუმცა კამერები დასაწყობებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობში და საავტომობილო გზების დეპარტამენტი არ იყენებს და ვერ აკონტროლებს მათ. შესაბამისად, აღნიშნული ძირითადი საშუალებები ვერ აკმაყოფილებენ აქტივად აღიარების კრიტერიუმებს. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის მოცემული ინფორმაცია საქართველოს სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ, რომელთა სავარაუდო თანხა 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს დაახლოებით 16,524,754 ლარს. აქედან, 7,152,257 ლარის შემთხვევაში დეპარტამენტი არის მოსარჩელე, ხოლო 9,372,497 ლარის შემთხვევაში – მოპასუხე. ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის21 პრინციპიდან გამომდინარე, იურიდიული სამსახურის მიერ გაკეთებულ შეფასებებზე დაყრდნობით, მიზანშეწონილია, ზემოაღნიშნული დავების შესახებ ინფორმაცია ასახული იყოს 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში. 

სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ფინანსურ ანგარიშგებაში „გრძელვადიანი აქტივებისა და მოთხოვნების“ მუხლში აღრიცხული აქვს გრძელვადიანი საბიუჯეტო სესხები 668,336,265 ლარის ოდენობით. აღნიშნული მოთხოვნა სასესხო და ქვესასესხო ხელშეკრულებებზე დაყრდნობით გადანაწილებულია შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვისა“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების” კომპანიებზე შესაბამისად, 8,884,314 ლარის და 659,451,951 ლარის ოდენობით. აპარატის ანგარიშგებაში ასახული სესხები 2010-2011 წლებიდან გენერირდება „გრძელვადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლში და წარმოადგენს დონორების მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილ თანხებს. აღნიშნული პროექტების განმახორციელებლები არიან შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, რომლებიც სასესხო თანხებს იყენებენ კონტრაქტორებთან ანგარიშსწორებისთვის. დონორი ორგანიზაცია პირდაპირი გადახდის წესით ანაზღაურებს შესრულებული სამუშაოების მიხედვით გათვალისწინებულ თანხას, რაც ირიცხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახაზინო კოდების გავლით. შესაბამისად, სახაზინო მონაცემებზე დაყრდნობით, სამინისტროს აპარატი ჩარიცხულ თანხებს აღიარებს, როგორც „გრძელვადიან საბიუჯეტო სესხებს“ განმახორციელებელი კომპანიების მიმართ. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ვალდებულებას აღიარებენ არა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არამედ ფინანსთა სამინისტროსა და დონორი ორგანიზაციების მიმართ. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვერ გამოვთქვამთ მოსაზრებას, რამდენად აკმაყოფილებს გრძელვადიან საბიუჯეტო სესხებში აღრიცხული 668,336,265 ლარი აქტივად აღიარების კრიტერიუმებს,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.