თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებისა და კონტროლიორების გადამზადება დაიწყო. კომპანია 2022 წლის პირველ ექვს თვეს მოკლედ აჯამებს და საზოგადოებას ანგარიშს აცნობს.
ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში კომპანია 123 000 000 მგზავრს მოემსახურა.
რაც შეეხება მეტროს მოდერნიზებასა და რეაბილიტაციას, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს 12 ვაგონის განახლება, ასევე, სრულდება მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია და განახლება.
მეტროს გარდა მიმდინარეობს საბაგიროების რეაბილიტაციაც. მათ შორის რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია და მშენებლობა. ხოლო რიყე-ნარიყალას საბაგირო გზას გეგმიური სარემონტო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა.
ცნობისთვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, რომელიც დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ოპერირებაზეა პასუხისმგებელი, 2021 წლის ფინანსური ანგარიში დაახლოებით ათი დღის წინ გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს კომპანიის ჯამური შემოსავალი 108.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა რაც 2020 წელთან შედარებით 26%-ით მეტია. თუმცა, შემოსავლებთან ერთად გაიზარდა კომპანიის ხარჯებიც, რის გამოც კომპანიამ გასული წელი 172.8 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ზარალიანი იყო 2020 წელიც, როდესაც ის 149.8 მილიონ ლარს შეადგენდა.
2021 წელს კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:
შემოსავალი ავტობუსებიდან - 53.1 მილიონი ლარი;
შემოსავალი მეტროდან - 38.6 მილიონი ლარი;
შემოსავალი საბაგიროდან - 1.5 მილიონი ლარი.
კომპანიამ პარკინგის სერვისიდან 2021 წელს 6.1 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.