კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე, მათ შორის, ავტოინდუსტრიაზე.
იმის გამო, რომ საქართველოში ავტომობილების იმპორტი, ძირითადად, ხორციელდება ისეთი ქვეყნებიდან, საიდანაც ავტომობილების ტრანსპორტირების პერიოდი ხშირ შემთხვევაში, აღემატება 1 თვეს, პანდემიის საწყის ეტაპზე ავტო-იმპორტიორებისთვის შეუძლებელი იყო პანდემიით გამოწვეული რისკების სრულად შეფასება.
შესაბამისად, რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ ის იმპორტიორები, რომელთაც ავტომობილები პანდემიის დაწყებამდე შეიძინეს.
აღნიშნულ გამოწვევაზე საპასუხოდ, საქართველოს მთავრობის მიერ, საწყის ეტაპზევე გადაიდგა არაერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემსუბუქება აღნიშნულ სექტორში დასაქმებული პირებისათვის.
ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მიმდინარე წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორებს 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების 90-დღიანი ვადა მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაუვადდათ.
სულ, აღნიშნული გადავადებით ისარგებლა 38,000-მდე ავტომობილის მფლობელმა პირმა და გადავადებული გადასახადის ოდენობამ შეადგინა 50 მლნ ლარი.
მეორე ეტაპზე, მიმდინარე წლის მაისში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა საგადასახადო შეღავათის არეალი. კერძოდ, იმის გამო, რომ გარკვეული რაოდენობის ავტომობილების იმპორტი, რომელიც შეძენილი იყო პანდემიამდე არსებულ პერიოდში, ვერ განხორციელდა მიმდინარე წლის 1-ელ აპრილამდე პერიოდში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, ავტოიმპორტიორებს, 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადაც, ასევე, 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა.
მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის აგვისტოში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საგადასახადო შეღავათის არეალის კიდევ ერთხელ გაფართოებასთან დაკავშირებით.
ამჯერად, 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა, რომელიც პრაქტიკულად სრულად მოიცავს პანდემიამდე შეძენილ ავტომობილებს, გახანგრძლივდა 2021 წლის პირველ მარტამდე.
სულ, აღნიშნული გადავადებით შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს 24,000-ზე მეტმა ავტომობილის მფლობელმა პირმა, ხოლო გადავადებული გადასახადის ოდენობა შეადგენს 35 მლნ ლარს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, განბაჟების ვადის 2021 წლის პირველ მარტამდე გადავადება, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სექტორში დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელთათვისაც პანდემიის დაწყებამდე, შეუძლებელი იყო არსებული რისკების სრულად შეფასება და მათ აღარ დაეკისრებათ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები.