მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალ შენობებში განახლებადი ენერგიების გამოყენება სავალდებულო სავარაუდოდ აღარ იქნება

5dcfd8e65f181
დავით ჯალაღონია
16.11.19 16:30
1227
პარლამენტში "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტია რეგისტრირებული, რომელიც სხვადასხვა ტექნიკურ საკითხთან ერთად, განახლებადი ენერგიების გამოყენების მიმართულებით სიახლეს ითვალისწინებს.

კერძოდ, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, თუ მოქმედი სამშენებლო კოდექსი ახალი შენობა–ნაგებობებისთვის განახლებადი ენერგიების გამოყენების გათვალისწინებას სავალდებულოდ მიიჩნევდა, დაგეგმილი ცვლილებებით ეს ასე აღარ იქნება.

"ცვლილება ეხება შენობა-ნაგებობის დაპროექტებისას და მშენებლობისას განახლებადი ენერგიის გამოყენების საკითხს და განისაზღვრა, რომ პროექტში განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინება სასურველია, ნაცვლად სავალდებულოსი.

გამომდინარე აქედან, ამ ცვლილებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს შენობა–ნაგებობების მშენებლობის ნებართვების რაოდენობის გაზრდა, რადგან სავალდებულო მოთხოვნებს გამოაკლდება ერთი მოთხოვნა, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელს, შესაძლოა, უარი ეთქვას მშენებლობის ნებართვის მიღებაზე. ამიტომაც, სავარაუდოა, რომ კონკრეტულ პირებზე ეს ცვლილება იქონიებს პირდაპირ ფინანსურ გავლენას", – ნათქვამია კანონპროექტში.

რა ჩანაწერია დღეს სამშენებლო კოდექსში განახლებადი ენერგიების მიმართულებით

მუხლი 88. შენობა-ნაგებობაში განახლებადი ენერგიის გამოყენება

1. შენობა-ნაგებობის დაპროექტებისას და მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობა.

2. შენობა-ნაგებობაში განახლებადი ენერგიის გამოყენება შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ტექნიკურ საშუალებებს:

ა) მზის ენერგიის პასიურ გამოყენებას;

ბ) მზის ენერგიის აქტიურ გამოყენებას (მზის ენერგიით მომუშავე წყლის გამათბობელ დანადგარებს, ცხელი წყლით მომარაგების კომბინირებულ სისტემებს, მზის ფოტოელემენტებს);

გ) ქარის ენერგიის გამოყენებას;

დ) გეოთერმული გათბობის/გაგრილების და ცხელი წყლით მომარაგების სისტემებს;

ე) სხვა სისტემებს, რომლებიც იძლევა განახლებადი ენერგიის ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობას.

სამშენებლო კოდექსში ცვლილებების პროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია და ზაზა გაბუნია.