მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ამბერ ღვინოები „თბილღვინოსგან“

611665621d68e
BM.GE
13.08.21 16:21
1017
„თბილღვინო“ ამბერ რქაწითელისა და ქისის წარმოების დაწყებას აანონსებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ „ამბერ ქისი“ და „ამბერ რქაწითელი“ „თბილღვინოს“ ვენახების 2020 წლის მოსავლისგანაა დაყენებული და 2021 წლიდან მისი შეძენა როგორც მაღაზიებში, ასევე „თბილღვინოს“ ონლაინ შოპშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ „თბილღვინოს“ ამბერ ღვინოები მზის ჩასვლის ელფერით, კომშისა და გარგარის ჩირის არომატით გამოირჩევა.

„ღვინის მოყვარული ადამიანი ამ ღვინოებში დახვეწილობასა და ელეგანტურობას, ექსკლუზიურ გემოს იპოვის, რომელიც ყველა კლასიკური ღვინისგან გამოირჩევა“, - აცხადებს თბილღვინოს გენერალური დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ ღვინის დაყენების ტექნოლოგია ევროპული თეთრი ღვინისგან განსხვავებულია, რადგან ყურძნის კანი წვენთან კონტაქტში დღეების ან ზოგ შემთხვევაში, თვეების განმავლობაში რჩება, სწორედ ამიტომ, ქარვისფერი ღვინო კანთან კონტაქტის მეთოდით დადუღებული თეთრი ღვინის სახელითაცაა ცნობილი.

„ამბერ ღვინო მხოლოდ ტექნოლოგიითა და არომატით განსხვავებული კი არ არის, არამედ თავგადასავლებისა და სიახლისკენ მავალი ადამიანების ცხოვრების სტილია. დამზადების ტექნოლოგია შემდეგია: დურდო კლერტის გარეშე გადადის უჟანგავი ლითონის რეზერვუარში, ემატება საფუვრის წმინდა კულტურა. ფერმენტაცია ჭაჭაზე სრული დადუღებით +21-22 C- ტემპერატურაზე ხდება. ჭაჭასთან შეხებაში 2-3 კვირის განმავლობაში რჩება და დარევები - ჭაჭიდან სითხეში ფერისა და გემოს უკეთესი ექსტრაქციის მიზნით უტარდება. სათანადო ფერის, არომატისა და გემოს მიღების შემდეგ, იხსნება ჭაჭიდან, 10-12 დღის შემდეგ იხსნება ლექიდან, უტარდება ცივი სტაბილიზაცია, ტანგენციალური ფილტრაცია და გამდგრადება.

ამბერ რქაწითელი და ქისი თბილღვინოს ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან მზადდება, დროული და ქრონოლოგიური პროცესები კი სიფრთხილითა და კონტროლით მიმდინარეობს“, - განმარტავენ „თბილღვინოში“.

„მომხმარებლები ქარვისფერი ღვინისადმი დიდ ინტერესს ყოველდღიურად გამოხატავენ“, - ამბობს Astor Wines-ის შესყიდვების მენეჯერი, ნიუ-იორკის ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მოვაჭრე ლორენა ასენსიოსი.



კომპანიაში აღნიშნავენ, რომ არქეოლოგიური მტკიცებულებების თანახმად, 8000 წლის წინ საქართველოში ღვინო მზადდებოდა და თიხის ჭურჭელში - ქვევრში ინახებოდა. ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი კი ამჟამად გაეროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის (იუნესკო) მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის არის შეტანილი. „თბილღვინოში“ ამბობენ, რომ ქარვისფერი ღვინის ფესვები სწორედ ამ უნიკალურ ტექნოლოგიას უკავშირდება.

ცნობისთვის: ამბერ რქაწითელი და ქისი (ქარვისფერი, მშრალი)
ფერით ღია ქარვისფერი, მზის ჩასვლის ელფერითაა;
არომატი: კომშის და გარგარის ჩირი;
გემო: საშუალო სხეულიანი, დაბალანსებული სიმჟავითა და ტანინით
„თბილღვინოს“ ამბერ ღვინო ევროპული კლასიკური მეთოდით დაყენებულ თეთრ ღვინოზე სხეულიანია და ამიტომაც, ისევე ეხამება სადილს, როგორც ქვევრის ღვინო.
რეკომენდებულია, დაწყვილდეს ხორცის მრავალფეროვნებასთან: ქათამთან, თევზთან. საინტერესო შეხამებას მიიღება ძეხვეულთან, მძაფრი არომატის მქონე ყველთან, ზეთისხილთან, სოკოსთან ერთად.