მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი კანონპროექტით სემეკს ენერგოკომპანიებისთვის წილის 5%-ზე მეტის გაყიდვის აკრძალვა შეეძლება

5f0ac3a095b32
შოთა ტყეშელაშვილი
12.07.20 11:43
1526
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ახალი კანპნპროექტის თანახმად შესაძლოა გახდეს უფლებამოსილი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოღვაწე კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს. 

"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება 13 ივლისის ბიუროს სხდომაზე არის დაგეგმილი. კანონპროექტის ავტორი, სემეკთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. ინიციატივის პროექტის თანახმად, მთავრობა ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, თუკი გამანაწილებელი კომპანია წილის/აქციების ხუთი ან ხუთზე მეტი პროცენტის გასხვისებას გადაწყვეტს, ის ვალდებული იქნება, რომ ამის თაობაზე სემეკ-ს წინასწარ აცნობოს. 

განმარტებითი ბარათით ამ ცვლილების აუცილებლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვით არის ახსნილი:

"გამომდინარე იქიდან, რომ სისტემის ოპერატორის საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც მომხმარებლების უწყვეტი და საიმედო მომარაგების უზრუნველყოფისათვის, ისე ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებისათვის, აუცილებელია, შეიქმნას სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და 5 პროცენტი და მეტი წილის ან აქციების გასხვისების, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების ან/და საოპერაციო აქტივის გასხვისების წინასწარი (ex ante) რეგულირების ეფექტიანი მექანიზმი.

წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს სწორედ ამგვარი მექანიზმის შექმნას და ავალდებულებს სისტემის ოპერატორებს, წინასწარ აცნობოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და 5 პროცენტი და მეტი წილის ან აქციების ან საოპერაციო აქტივის მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან მეტის გასხვისების, ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების განზრახვის თაობაზე. თავის მხრივ, კომისია ვალდებულია, შეისწავლოს მიღებული შეტყობინება და გასცეს თანხმობა ან აკრძალოს შერწყმა, წილის ან აქციების გასხვისება, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება ან/და საოპერაციო აქტივის გასხვისება. აკრძალვის საფუძველი, სხვა გარემოებებთან ერთად, შეიძლება იყოს სისტემის ოპერატორის მიერ სისტემის მოსარგებლეებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება, სისტემის ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაძლო შეუსრულებლობა ან/და სისტემის ოპერატორის ტარიფზე ტრანზაქციის/ოპერაციის შესაძლო ზეგავლენა,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.