საქართველოს ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს “დროებითი ბანკის” შექმნის უფლება აქვთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, “დროებითი ბანკების” მთავარი ფუნქცია კონკრეტული კომერციული ბანკის გადახდისუუნარობის პირობებში კონკრეტული ფინანსური ოპერაციების შესრულებაა.
IMF-ი აღნიშნავს, რომ საქართველომ 2019 წელს მიიღო კომერციული ბანკების რეზოლუციის (მათი გადახდისუუნარობის) თაობაზე ახალი კანონმდებლობა, თუმცა რჩება სხვადასხვა საკითხი და რეგულაცია, რომლებზეც მუშაობა გრძელდება. მათ შორისაა სწორედ დროებითი ბანკების ოპერირების წესები და პროცედურები.
“ბანკების რეზოლუციის პროცესში შესაძლოა საჭირო გახდეს დროებითი ბანკის (Bridge Bank) შექმნა, რომლის ოპერირებისთვისაც ჩარჩო ჯერჯერობით არ არსებობს. ამის გათვალისწინებით FSAP-ი ხელისუფლებას მოუწოდებს შეიმუშავოს საოპერაციო ჩარჩო შუამავალი ბანკისთვის, მათ შორის მისი ლიცენზირების წესები, სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების და დაფინანსების მიღების წესები,”- ნათქვამია დოკუმენტში.
სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ დროებითი ბანკების რეგულირების ახალი წესები 1 წლის ვადაში შეიმუშავოს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის ბრძანებით, განსაზღვრულია, რომ ფინანსთა სამინისტროს დროებითი ბანკის შექმნის და მისთვის ლიცენზიის მიღების უფლება აქვს.