მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ახლა დგას რეფორმების დაჩქარების მომენტი” - ოლივერ ვარჰეი

6318323822052
თელარა გელანტია
07.09.22 09:53
491
“ახლა დგას რეფორმების დაჩქარების მომენტი! დრო ან ენერგია არ უნდა დაიკარგოს შიდა დაპირისპირებაზე, არამედ ერთად უნდა იმუშაოთ”, - ეს განცხადება ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ვარჰეის განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

ვფიქრობ, რომ ყველანი კმაყოფილი უნდა ვიყოთ იმ ფაქტით, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ეს არის უმსხვილესი შესაძლებლობა და უდიდესი მოვლენა, არა მარტო წინა წლის სხდომის შეხვედრასთან შედარებით, არამედ ნებისმიერ სხვა შეხვედრასთან მიმართებით, რომელიც მანამდე გვქონია საქართველოსთან ასოცირების საბჭოს ფორმატში.

ასევე მიმაჩნია, რომ ახლა პრიორიტეტები ნათელია. ღია და გახსნილი საუბარი გვქონდა მათ შესახებ და ეს, რა თქმა უნდა, მოიაზრებს იმ საკითხსაც, თუ როგორ შეგვიძლია წარვმართოთ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე წლების განმავლობაში ნაშენები მყარი თანამშრომლობა, რათა ეს ევროპული პერსპექტივა რეალობად ვაქციოთ.

მიმაჩნია, რომ დღეს შემაგულიანებელი გზავნილი უნდა გავაჟღეროთ. ახლა დგას რეფორმების დაჩქარების მომენტი! დრო ან ენერგია არ უნდა დაიკარგოს შიდა დაპირისპირებაზე, არამედ ერთად უნდა იმუშაოთ!

საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, საჭიროებს დროს და ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას, ყველას მხრიდან!

ჩვენ მზად ვართ ყველა ჩვენი დახმარების მექანიზმისა და პაკეტის მობილიზება მოვახდინოთ ამ მიმართულებით თქვენი დახმარების მიზნით.

ხაზი მინდა გავუსვა ყველა პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანების მნიშვნელობას. ეს არის უნიკალური ეროვნული პრიორიტეტი და უნიკალური შესაძლებლობა გახლავთ ერის წინაშე!

ამ ეტაპზე, ევროპული საბჭოს დასკვნაში გაწერილ 12 პრიორიტეტზე აქცენტის გაკეთების რეკომენდაციას ვაძლევთ საქართველოს, რათა გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა, აუცილებელი რეფორმები განხორციელდეს მართლმსაჯულების სისტემაში და გარე, კერძო ინტერესებიდან გათავისუფლდეს მოსამართლეთა კორპუსი, გაიზარდოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, აღმოიფხვრას ჭარბი მიკერძოებული გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გაძლიერდეს მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი. ყოველივე ეს გახლავთ საკვანძო ამოცანების ნუსხაში.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ მჭიდროდ ვაკვირდებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ მიმართულებით, რადგან, მომდევნო წელს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის შედგენის ფარგლებში, თქვენი წინსვლის შეფასებისას, იმედი გვაქვს, პოზიტიურ მიგნებებს გავაკეთებთ და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ავუხსნით თქვენი რეფორმების ხარისხითა და ვადებით რამდენად დიდია თქვენი სურვილი და დანაპირების შესრულების უნარი.

საბჭოს სხდომაზე ასევე მიმოვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, რომელიც წინა საბჭოს სხდომის შემდეგ დაწინაურდა გასული წლის შემდეგ. ამ ინფორმაციით დასტურდება რამდენად მნიშვნელოვანია მკაფიო კომუნიკაციის წარმოება ჩვენი თანამშრომლობის უპირატესობების შესახებ.

ამ კონტექსტში ხაზი მინდა გავუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელმაც შეიძლება მასიური, სულ მცირე 3.9 მილიარდი ევროს ოდენობის, ინვესტიციები მოუტანოს უშუალოდ საქართველოს ევროპის საჯარო და კერძო სექტორებიდან.

ამ პოტენციალის სრულად ასათვისებლად აუცილებელია მხარდამჭერი საინვესტიციო გარემო და მომავლის პროგნოზირებადობა. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, გვიხარია კოვიდ-კრიზისის შემდეგ საზღვრების ხელახლა გახსნა.

ასევე, მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენ წინაშე არსებულ ზოგიერთ გამოწვევაზე, განსაკუთრებით, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა მომართვიანობაზე საქართველოდან, რაც ხშირად არც არის საფუძვლიანად არგუმენტირებული. ჩვენ მაინც განვიხილეთ ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების გზები, რომელთა ეფექტიანობა უკვე დადასტურდა.

რაც შეეხება ვაჭრობას, გვინახავს წარმატებული შემთხვევები. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თავსებადი სტანდარტებისა და შეთანხმების საფუძველზე, ქართული და ევროპული კომპანიები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას მეტ ტენდერსა და საჯარო შესყიდვებში.

ჩვენ შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა მათ გამოიყენონ ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენი თანამშრომლობიდან მომდინარეობს.

საბჭოს სხდომაზე საუბარი იყო ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დაკავშირებადობაზე, იქნება ეს ციფრულ, ენერგეტიკულ თუ სატრანსპორტო განზომილებაში. ყველა მათგანი საკვანძო მიმართულებაა და ჩვენს ეკონომიკებსა და საზოგადოებებს აკავშირებს.

დასკვნის სახით, მინდა დავადასტურო, რომ ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპული საბჭოს დასკვნაში განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაში, მედეგობის გაძლიერებაში და, საერთო ჯამში, ქართველი ხალხის სასიკეთოდ.

რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლიათ პირადად ჩემი დახმარების იმედი გქონდეთ ამ მიმართულებით. დიდი მადლობა!", - აცხადებს ვარჰეი.