მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანში მეორეულ ავტომობილებზე მოთხოვნა ოქტომბერში გაიზარდა - მედია

61819444e0a50
თამთა ჯიჯავაძე
03.11.21 00:30
952
აზერბაიჯანში მეორეულ ავტომობილებზე მოთხოვნა 2021 წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით გაზრდილია. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Report-ი სატრანსპორტო საკითხებში ექსპერტ ელდანიზ ჯაფაროვზე დაყრდნობით წერს.

როგორც ჯაფაროვი გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, ავტომობილების ბაზარზე გამოცოცხლება შეინიშნება.

„ეს სეზონიდან გამომდინარეობს. ჩვენ ზაფხულის ცხელი დღეები უკან მოვიტოვეთ, ზამთარი იწყება, შესაბამისად ურბანულ ნაწილში ტრანსპორტზე მოთხოვნა მზარდია. სექტემბერთან შედარებით ოქტომბერში მცირედით ფასებიც გაიზარდა, თუმცა ზრდა 2%-ს არ აჭარბებს. ახალ ავტომობილებზე კი ფასები იგივეა“, - აცხადებს ჯაფაროვი.

ის ასევე ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზეც საუბრობს. „სასიხარულოა ის, რომ მოქალაქეები ჰიბრიდული ავტომობილებით დაინტერესებული არიან. თუმცა ზოგჯერ ისინი ძველ მანქანებს ყიდულობენ ამერიკიდან. კარგი იქნება თუ ჩვენი მოქალაქეები ახალ ევროპულ ჰიბრიდულ ავტომობილებს იყიდიან, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში აზერბაიჯანში შეკეთდება. ამერიკაში შეძენილი ჰიბრიდული მანქანების შეკეთება კი ზოგჯერ გამოწვევას წარმოადგენს“, - განაცხადა ჯაფაროვმა.

ცნობისთვის: საქართველოდან ავტომობილების ექსპორტის მნიშვნელოვანი წილი აზერბაიჯანზე მოდის. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 9 თვეში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი (რაც რეექსპორტს მოიცავს) 112%-ით გაიზარდა.