მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებს შორის ყველაზე მსხვილი, 25-მილიონიანი ზარალი 2020 წელს “ქართუს” ჰქონდა

60200a93390f6
შოთა ტყეშელაშვილი
07.02.21 19:37
1920
2020 წელი “ქართუ ბანკმა” 24.7-მილიონიანი ზარალით დაასრულა, რაც საბანკო სისტემაში ყველაზე მაღალი ზარალი იყო - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ანგარიშიდან ირკვევა. შედარებისთვის 2019 წელს ბანკის მოგება 22.4 მილიონი ლარი იყო.

მთლიანობაში საბანკო სექტორის მოგებამ 99 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 8-ჯერ ნაკლები იყო. მოგების შემცირება ბანკების მიერ მოსალოდნელი კრიზისის ფონზე საკრედიტო დანაკარგების 1.2-მილიარდიანი ბუფერის შექმნას უკავშირდებოდა. ამ დარეზერვების გამო, 8 ბანკმა 2020 წელი ზარალით დაასრულა.

“ბანკ ქართუს” მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, მათი მთლიანი სასესხო პორტფელის 35%-ს უმოქმედო სესხის სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც ასევე მთლიანად საბანკო სისტემაში ყველაზე მაღალია. ეროვნული ბანკის კლასიფიკაციის თანახმად, უმოქმედო სესხები არასტანდარტულ, საეჭვო და უიმედო კატეგორიის სესხებს მოიცავს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ “ბანკი ქართუ” კრიზისის დაწყებამდეც უმოქმედო სესხების მიხედვით პირველ ადგილზე იყო, რადგან 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმოქმედო სესხები მისი საკრედიტო პორტფელის 32.8%-ს შეადგენდა. არსებული მდგომარეობით, ბანკ “ქართუს” აქტივები 1.4 მილიარდ ლარს შეადგენს და ის საბანკო სისტემაში ზომით მეშვიდე ადგილს იკავებს.

2021 წელს ბანკის შუალედური მფლობელი შეიცვალა. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამჟამად მას “საქველმოქმედო ფონდი ქართუ” ფლობს, თუმცა ეს კომპანიები ოფშორულ კომპანიებს ეკუთვნით, რომელთა ოფიციალური ბენეფიციარი მესაკუთრე ეროვნული ბანკის თანახმად, კვლავ უტა ივანიშვილია. 

უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს საუბარი იმის თაობაზე, რომ “ლიბერთი ბანკმა” “ქართუ ბანკი” შეიძლება შეისყიდოს, რის შესახებაც წარსულში განცხადებები “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ გააკეთა. 2021 წლის თებერვალში რუხაძემ BMG-ის განუცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესი 2020 წელს ქვეყანაში პანდემიის დაყწების გამო დროებით შეჩერებულია.

“ქართუს“ გაყიდვასაც 3 წელიწადია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს, ბაზარზე არსებულმა ორმა მძლავრმა მოთამაშემ არ შთანთქას იგი და უნდა იარსებოს მესამე – ძლიერმა ბანკმა,”- ჟურნალ Enterpreneur-თან 2019 წელს განაცხადა საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

ქართული ბანკების რეიტინგი 2020 წლის მოგება/ზარალის მიხედვით