მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქოდან თბილისამდე და ყარსამდე – სად ხედავს თურქეთი რუსეთს ამ სურათში?

5db85c27d1958
ელენე კვანჭილაშვილი
29.10.19 19:29
2684
„თუკი ეს სატრანსპორტო დერეფანი სხვა მარშრუტებთან შედარებით უფრო ეკონომიური გადაზიდვის შესაძლებლობას შექმნის, რუსეთის მხრიდან ამ დერეფნით სარგებლობა არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ რეგიონის ქვეყნებისთვისაც სასარგებლო იქნება და არა - საზიანო“ - ასე უპასუხა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მემეტ თურანმა საქართველოს ახალი აბრეშუმის გზის ფორუმზე „ანალიტიკა“-ს მიერ დასმულ შეკითხვას: რა როლს ანიჭებს თურქეთის მხარე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში რუსეთს?

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გვარწმუნებს, რომ რაც უფრო მეტი ქვეყანა გამოიყენებს ამ სატრანსპორტო დერეფანს, რაც მეტი ტვირთი გადაიზიდება და რაც მეტ მგზავრს მოემსახურება იგი, მით უფრო გაიზრდება თავად პროექტის მნიშვნელობა და მით მეტ სარგებელს მოუტანს ის რეგიონის ეკონომიკას.

ფორუმამდე რამდენიმე დღით ადრე იგივე თემაზე თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანიც ჩავწერეთ.

ელჩს ვკითხეთ: შარშან ზაფხულში გავიგეთ, რომ აზერბაიჯანის და თურქეთის მხარეები ერთმანეთს საქართველოს გარეშე შეხვდნენ, მაშინ ისიც გავიგეთ, რომ საუბარი მიდიოდა ამ პროექტში რუსეთის ჩართვასთან დაკავშირებით. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს როლი ამ პროექტში შეიძლება შესუსტდეს?

თურქი დიპლომატი გვპასუხობს, რომ საქართველოს გარეშე - მარშრუტი ბაქო-თბილისი-ყარსი უბრალოდ ვერ იარსებებს და ამდენად, შეუძლებელია ამ პროექტში საქართველოს როლი რაიმე ფორმით შესუსტდეს.

„ორი კვირის წინ შეხვედრა აქ - საქართველოში შედგა. შეხვედრა ისევ ძირითადად ტარიფების თემას შეეხო. აპრილში ასეთივე შეხვედრა შედგა თურქეთში. საქართველოს რკინიგზა ამ მარშრუტის შუაშია. საქართველოს გარეშე აღარ არის ბაქო-თბილისი-ყარსი. თბილისის გარეშე ბაქოსა და ყარსს კავშირი ვერ ექნებათ. ამდენად, ეს რკინიგზა ვერ იარსებებს, ვერ იმუშავებს საქართველოს გარეშე. მართლა ამდენად მარტივად არის აქ საქმე”, - ამბობს თურქეთის ელჩი.

ფატმა ჯერენ იაზგანი განმარტავს, რომ კიდევ არის დარჩენილი ტექნიკური საკითხები, რომლებიც უნდა დაზუსტდეს. თუმცა, მისივე თქმით, თურქულ კომპანიებს სურთ, უფრო აქტიურად აითვისონ ეს მარშრუტი.

“ამიტომ ჩვენ ვუთხარით, ჩვენს პარტნიორებს აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, რადგან თუ არ გამოვიყენებთ – დავკარგავთ. ეკონომიკა, ფული ვაკუუმის არსებობას არავის პატიობს - სხვა გზას იპოვის, ამიტომ უნდა ვიჩქაროთ“, – გვითხრა თურქეთის ელჩმა და დასძინა, რომ თურქული მხარე ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს დადებითად აფასებს.

რაც შეეხება რუსეთის შესაძლო ჩართულობას ამ პროექტში, ფატმა ჯერენ იაზგანი განმარტავს, რომ შარშან თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა – დელეგაციასთან, რომელიც თურქეთში სხვა მიზნით იმყოფებოდა. „რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო იმასაც, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ მოვიზიდოთ მეტი ტვირთი“ – გვითხრა თურქეთის ელჩმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალმა, რომელსაც „რკინის აბრეშუმის გზაც“ უწოდეს და რომელიც რუსეთის ტრანს-ციმბირული რკინიგზის მთავარ ალტერნატივად განიხილება, აზია ევროპას რუსეთის გვერდის ავლით უნდა დაუკავშიროს. იმისთვის, რომ პროექტი წარმატებულად ჩაითვალოს, რკინიგზამ ყოველწლიურად ჯამურად 4 მლნ ტონა ტვირთი უნდა გაატაროს. დღეს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიცაა მაგალითად, ბამბა, პოლიეთილენი და სპილენძის ხვეულები ევროპაში რუსეთის გავლით გადაიზიდება. ამ ტვირთების გადმოსროლის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტი ჩრდილოეთის მარშრუტის რეალურ ალტერნატივად იქცეს. სხვადასხვა შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სრულად დატვირთვის შემთხვევაში, ევროპიდან ჩინეთისკენ და პირიქით, ტვირთების გადაზიდვის დრო განახევრდება და 30 დღის ნაცვლად, მხოლოდ 15 დღეს წაიღებს.