მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს (R)

609547e490e8d
ინგა მურუსიძე
07.05.21 18:10
614
თასი, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის EURO 2020-ის გამარჯვებულს გადაეცემა, უკვე ბაქოშია. აზერბაიჯანის დედაქალაქში მატჩები EURO 2020 თასის რაუნდის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელიც ბაქოში 7-დან 9 მაისამდე იქნება გამოფენილი, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს გადასცეს. მოგვიანებით კი EURO 2020-ის ჯილდო ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიიტანეს.

სპეციალური ფოტოსესია მოეწყო გობუსტანის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ნაკრძალში, იჩერი შეჰერის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ ნაკრძალში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში, ათეშგაჰის ტაძარსა და ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე.

ფოტოსესიების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის თასი, UEFA EURO 2020-ის მასკოტის, სკილზის თანხლებით, ბრენდირებული ავტობუსით ბაქოს სხვადასხვა გამზირსა და ქუჩაზე ჩამოატარეს, სადაც ბაქოს მოქალაქეებსა და ქალაქის სტუმრებს მისი ხილვის საშუალება მიეცათ. ბაქოს შემდეგ თასს დანიის დედაქალაქში, კოპენჰაგენში გადაიტანენ.

ინფორმაციისთვის, EURO 2020-ის თამაშები, ევროპის ჩემპიონატის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. მათ შორის, A ჯგუფის 3 თამაში და მეოთხედფინალის ერთი მატჩი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

12 ივნისს ბაქო უელსი-შვეიცარიის, 16 ივნისს თურქეთი-უელსის, ხოლო 20 ივნისს შვეიცარია-თურქეთის მატჩს უმასპინძლებს. მეოთხედფინალის შეხვედრა კი ბაქოში 3 ივლისს გაიმართება.