მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბათუმი აილენდის“ ფარგლებში ნაპირდამცავი ჯებირის მშენებლობა იგეგმება - რა ეტაპზეა პროექტი?

62f77647c5305
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.22 14:36
3976
აჭარაში დაგეგმილი მასშტაბური ხელოვნური კუნძულის „ბათუმი აილენდის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ივნისის დასაწყისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სიახლეები 6-7 კვირაში დააანონსა. იმის გასარკვევად - რა ეტაპზეა დღეს $100 მილიონიანი პროექტი და როდის დაიწყება „პალმის კუნძულის“ პირველი ეტაპის შესრულება BM.GE-მ პროექტის ინვესტორ და შემსრულებელ კომპანია „ამბასადორი ჯგუფს“ კითხვებით მიმართა, რაზეც კომპანიიდან წერილობით გვიპასუხეს. 

ინვესტორ კომპანიაში მასშტაბური პროექტის შესრულების ვადებს არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში ბარცხანას სანაპიროს გასწვრივ ნაპირდამცავი ჯებირის მშენებლობა იგეგმება, რომლის ნებართვის მოსაპოვებლად „ამბსადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა.

მათი ინფორმაციით, კუნძულის გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე შპს გამა კონსალტინგი მუშაობდა, რომელიც ქვეყნის წამყვანი გამოცდილი ქიმიკოსებით, ბიოლოგებით, ეკოლოგებით, ჰიდროგეოლოგებითა და ინჟინრებითაა დაკომპლექტებული.

„ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა დაგეგმილია, სანაპირო ზოლში ეროზიული პროცესების განვითარების პრევენციის მიზნით. პროექტის განხორციელების შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხული იქნება სანაპირო ზოლში ეროზიული პროცესების განვითარება და, შესაბამისად, არსებული ნაპირდამცავი კედლის და საავტომობილო გზის დაზიანების რისკები. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, შეიქმნება დაახლოებით 12.5 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, რომლის გამოყენება საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის იქნება შესაძლებელი“, - განმარტავენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო კვლევების განხორციელების ეტაპზე ხელშეკრულება უმსხვილეს თურქულ კომპანიასთან - ARS-თან (Applied Research Solutions) გააფორმა, რომელიც საპროექტო არეალში წყლის მოდინების კვლევებს ჩაატარებს.

„წყლის მოდინების კვლევის ფარგლებში ARS-Surveys შავი ზღვის აკვატორიის სამშენებლო არეალში ზღვის დინებებს და ზღვის ფსკერთან ტალღების ურთიერთქმედებას შეისწავლის. კერძოდ, საპროექტო არეალში და მის მიმდებარედ, ზღვის ფსკერზე ექვს სხვადასხვა წერტილში სპეციალურ სენსორებს დაამონტაჟებს, რომლის საშუალებითაც წყლის დინებების მიმართულებებისა და ტალღების სიმძლავრის შესწავლა მოხდება“, - აცნობეს BM.GE-ის კომპანიიდან.

„ამბასადორი ჯგუფიდან“ მიღებული წერილობითი პასუხის მიხედვით, ARS Inc. უკვე 15 წელზე მეტია საზღვაო კვლევებს ატარებს უახლესი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით როგორც თურქეთში ისე მის ფარგლებს გარეთ. დღემდე ამ ორგანიზაციის ანგარიშზე ლოკალური და საერთაშორისო პროექტების 500-ზე მეტი წარმატებული საზღვაო კვლევაა განხორციელებული.



ცნობისთვის: ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება 2021 წლის ოქტომბერში დაანონსდა. პროექტის მიხედვით, ის ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია "ამბასადორი" ჩადებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება.

საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და კომპანია "ამბასადორს" შორის გაფორმდა. მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას აღნაგობის უფლებით 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში გადაეცემა.