მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბათუმის ავტოტრანსპორტს" მგზავრები გაუმართავი ავტობუსებისთ გადაჰყავდა - აუდიტი

5e59439a98f13
თამთა ჯიჯავაძე
28.02.20 21:40
741
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა განხორციელებულია ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებებით, რის გამოც, გადახდილია ჯარიმის სახით 7,121 ლარი, ამასთანავე, ფიქსირდება მძღოლის მიერ არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა და შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევა. აღნიშნული გარემოება მგზავრთა და ქვეითთა უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაზე, აგრეთვე შპს-ზე მიყენებულ ზიანზე მიუთითებს, - ამის შესახებ საუბარია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

როგორც დოკუმენტში წერია, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ არ არის გათვალისწინებული „ავტოსატრანპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობები და ცალკეულ მარშრუტზე, 40 შემთხვევაში მგზავრთა გადაყვანა განხორციელებულია ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებებით.

გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სატრანსპორტო საშუალებების ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ ერთი სამგზავრო ავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულია და გაჩერებულია საზოგადოების ტერიტორიაზე.

„მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ავტობუსის მძღოლი, 2018 წლის 22 აგვისტოს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, დაარღვია მოძრაობის წესები და განახორციელა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. შედეგად, დაზიანებულია საზოგადოების საკუთრებაში არსებული სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიიღეს ავტობუსის მგზავრებმაც. წარმოდგენილი დოკუმენტებით, შპს-ზე მიყენებულ ზიანზე, სამართლებრივი ღონისძიებები განხორციელდა დაგვიანებით, კერძოდ 2019 წლის 13 აგვისტოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული დასკვნით,67 სატრანსპორტო საშუალების აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისათვის მიზანშეწონილი არ არის, ხოლო 34,775 ლარის ზიანის ანაზღაურებისათვის 2019 წლის 3 ოქტომბერს, მძღოლის საბანკო ანგარიშებზე დაედო ყადაღა“, - წერია დოკუმენტში.

რეკომენაციის სახით, აუდიტის სამსახური წერს, რომ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა, უნდა იმსჯელონ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესების დარღვევით შპს-ზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით დაგვიანებით განხორციელებულ რეაგირებაზე და პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატარონ სათანადო ღონისძიებები. ამასთანავე, შეიმუშაონ ისეთი შიდა კონტროლის მექანიზმები, რომლებიც შემდგომში აღმოფხვრის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესების დარღვევის და შპს-ზე ზიანის მიყენების ფაქტებს და უზრუნველყოფს მგზავრთა და ქვეითთა უსაფრთხოებას.