მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის ბულვარი სეზონისთვის ემზადება - სამუშაოებზე 0.5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

646b36f7c6473
BM.GE
22.05.23 13:50
588
ბათუმის ბულვარში საზღვაო სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბულვარში მიმდინარეობს საჯარო და კერძო ობიექტების რეაბილიტაცია-განახლება.

bm.ge დაინტერესდა, თუ რა კეთდება და რა უჯდება ბიუჯეტს სამუშაოები, როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, რეაბილიტაცია უტარდება ბულვარის კოლონადებს, ეწყობა საბავშვო კუთხეები, მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები.

რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს მთლიანი კოლონადის ზედაპირის და დეკორატიული ელემენტების პირვანდელი სახით აღდგენას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები იწარმოება კულტურული მემკვიდრეობის კანონის შესაბამისად რესტავრატორის ჩართულობით. კოლონადის კიბეებზე დაზიანებული მოზაიკური საფარი ჩანაცვლდება ახალი, იდენტური ფერისა და ფრაქციის მქონე ზედაპირით. სვეტებზე დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა და ჩატარდება სამღებრო სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 167,995 ლარს შეადგენს.


ძველ ბულვარში არსებული საბავშვო კუთხის განახლება-რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

პროექტის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი კუთხე გაფართოვდა და დაემატა 20-მდე ახალი ხის ატრაქციონი. სრულად განახლდა საბავშვო ინფრასტრუქტურა: მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო პანდუსებით, ბეტონის დეკორატიული ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით; დაწყებულია ქვედა და ზედა მოედანზე კაუჩუკის საფარის დაგება.

პროექტის ღირებულება 342 000 ლარს შეადგენს.

ბათუმის ბულვარში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამწვანებითი ღონისძიებები.

საზაფხულო სეზონისთვის განახლებული კომპოზიციებით შექმნილ საყვავილე კლუმბებს, 150 ათასზე მეტი დეკორატიული ყვავილის ჩითილი და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაამშვენებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბულვარის მცენარეთა საფარს მრავალწლოვანი ხეების, კერძოდ: უთხოვარის, ცაცხვის, პალმების, მაგნოლიების, ფიჭვების და ნეკერჩხლის ახალი ნერგები შეემატება.

წელსვე იგეგმება ასევე ახალი ტრენაჟორების კუთხე და სკეიტ პარკის მოედანი, გამოცხადდება ტენდერი

ბათუმის ბულვარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე და ბათუმის ბულვარის დირექტორი ლაშა მიქელაძე გაეცნენ.